ავტორი:გაგა ნიჟარაძე
სოციალიზაცია: ინდივიდის მიერ მოცემულ კულტურაში,
სოციალურ გარემოში არსებული ნორმების, ტრადიციების,
ცხოვრების სტილის შეთვისება და გაზიარება.
თანამედროვე კროს-კულტურულ ფსიქოლოგიაში კულტურების ერთ-ერთ ძირითად მახასიათებლად ითვლება ინდივიდუალიზმი – კოლექტივიზმი (Hofstede, 1980). ინდივიდუალისტურ კულტურებში საზოგადოების ძირითადი ერთეულია ინდივიდი. სოციალური ცხოვრების მთავარი რეგულატორია აბსტრაქტული ნორმა (კანონი, რელიგიური მცნება და მისთ.); თანასწორობისა და ინდივიდუალური თავისუფლების ხარისხი მეტია. ინდივიდუალიზმის ინდექსი ყველაზე მაღალია ანგლო-საქსურ, ჩრდილო ევროპულ კულტურებში, ოდნავ ნაკლები – სხვა ევროპულ კულტურებში (Triandis, 1995).
კოლექტივისტურ კულტურებში საზოგადოების ძირითადი ერთეულია ჯგუფი, დიდი (ერი, `ხალხი~, რელიგიური ერთობა და მისთ., ანუ ისეთი ჯგუფები, რომელთა წევრებიც არ იცნობენ ერთმანეთს პირადად), ან მცირე (გაფართოებული ოჯახი, სანათესაო, სამეგობრო, სამეზობლო და ა.შ., ანუ ჯგუფები, რომელთა წევრებიც ერთმანეთს პირადად იცნობენ). ჯგუფის ინტერესები პრევალირებს ინდივიდუალურზე; ინდივიდი რიცხვით ნაკლები სოციალური ჯგუფის წევრია, მაგრამ მათ მიმართ მეტი ვალდებულება აქვს; ჯგუფის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების პირნათლად შესრულების შემთხვევაში ჯგუფი იცავს თავის წევრს და ზრუნავს მასზე. სოციალური ცხოვრების რეგულატორია ჯგუფში არსებული ნორმები, ზოგჯერ კი ავტორიტარული პიროვნების ნება (Triandis, 1995). დიდ ჯგუფებზე ორიენტირებული კოლექტივისტური კულტურის მაგალითია რუსეთი, ხოლო მცირეზე – საქართველო. ქართული კულტურა განეკუთვნება მცირე ჯგუფებზე (გაფართოებული ოჯახი, სამეგობრო, სანათესაო და ა.შ.) ორიენტირებულ კოლექტივისტურ კულტურათა ტიპს.
***
საქართველოში მცირე ჯგუფი არა მარტო ძირითადი, არამედ თვითკმარი ერთეულია. სხვა სიტყვებით, მცირე ჯგუფის ფარგლებში შესაძლებელია ძირითადი სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (ურთიერთობა, ძალაუფლება, პრესტიჟი და სხვ.). საზოგადოების ყოველი წევრის ატრიბუცია ხდება იმ მცირე ჯგუფების (თანამედროვე ტერმინოლოგიით, ინ-ჯგუფების) მიხედვით, რომელთა წევრიცაა იგი (ამის ნაცნობი, იმის მეზობელი, ვაკელი და მისთ.). ის ინ-ჯგუფები, რომლებშიც შედის საშუალო ქართველი, პრაქტიკულად სრული შემადგენლობით იკრიბებიან თავისი წევრის პანაშვიდზე, ყველაზე ახლობლები ან პატივცემულნი კი – ქელეხზე. ქართული პანაშვიდი როგორც რიტუალი პირველ რიგში ემსახურება ინ-ჯგუფის სიდიდის, სიძლიერის, გავლენიანობის დემონსტრაციას და ამ ჯგუფის შეკავშირებას.
ქართული ინ-ჯგუფი, როგორც ქალაქად, ისე სოფლად, შეიძლება შევადაროდ სოფელს, სადაც ყველა ყველას იცნობს, ენათესავება ერთმანეთს, მეტ-ნაკლებად ხშირი ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან, იცის სოფლის ნორმები და ტრადიციები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ერთნაირია ყველა ქართულ `სოფელში~. ამავე დროს, ინდივიდისათვის თავისი `სოფელი~ ოთხ `უბნად~ იყოფა: ოჯახი პლუს სანათესაო; სამეზობლო; `საძმაკაცო~ და `სათანმშრომლო~. როგორც ჩვენმა გამოუქვეყნებელმა გამოკვლევემ უჩვენა, ამ `უბნებში~ გარკვეულად განსხვავებული ნორმები მოქმედებს: სანათესაო და სამეზობლო განიხილება როგორც უფრო ფორმალიზებული სტრუქტურები, სადაც ინდივიდის პირადი ინიციატივა ტრადიციულ სოციალურ სტერეოტიპებს ემორჩილება; ნათესავებსა და მეზობლებს ინდივიდი უფრო ხშირად ვერ ირჩევს; მეგობრებისა და თანამშრომლების `უბნებში~ ინდივიდის თავისუფლების ხარისხი უფრო მაღალია. სწორედ ამითი უნდა აიხსნებოდეს, რომ ცდის პირთა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ნაწილი თანახმა იყო ემეგობრა და ეთანამშრომლა გარკვეული ეროვნებების წარმომადგენლებთან, მაგრამ უარს ამბობდა მათი ოჯახის წევრებად მიღებაზე და/ან მათთან მეზობლობაზე.
ამავე დროს, თამამშრომელთა ქვეჯგუფი ძირითადად ფასდება არა საქმის, არამედ ურთიერთობათა კრიტერიუმით და ამგვარად უახლოვდება მეგობარ-ნაცნობთა `უბანს~. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ `უბანთა~ ღირებულება ინდივიდის სიცოცხლის სხვადასვა პერიოდში სხვადასხვაა, თუმცა, ოჯახ-სანათესაოს და `საძმაკაცოს~ მაინც უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება.
***
სასიცოცხლო ინტერესები პრინციპში `სოფლით~ შემოიფარგლება, თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა `სოფლებიც~ არსებობენ. ჩვენი `სოფლელი~, რომელიც სხვაგან წავიდა და იქ გაითქვა სახელი, ანდა `სოფლელი~, რომელიც აქაურობას გარეთაცაა ცნობილი, პირველ რიგში მოცემული სოფლის `სახეა~, მის პრესტიჟს ემსახურება სხვა `სოფლებთან~ მიმართებაში. ამასთან, კავშირების ქონა სხვა `სოფლებთან~ `სოფლელისათვის~ სასურველი და ღირებულია. ამგვარი პიროვნება ლიდერის როლში გვევლინება.
ყოველ `სოფელს~ ჰყავს თავისი ექიმი, იურისტი, `დიდი კაცი~ და მისთ., რომლებთაც პირველ რიგში მიმართავენ საჭიროების შემთხვევაში თავისიანები; `სოფლის~ პროფესიონალები ან თვით უწევენ სათანადო სამსახურს `თანასოფლელებს~ (ამასთან, მიღებული ნორმების დაცვით - უფასოდ, ურიგოდ, უფრო ხარისხიანად, ვიდრე სხვა `სოფლების~ წარმომადგენლებს), ან პროტექციას უწევენ მათ თავის კოლეგებთან. რაც უფრო ფართო სპექტრის და გავლენის წევრები ჰყავს `სოფელს~, მით უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს მას როგორც სოციალურ ჯგუფს. ამგვარი სტრუქტურა და მენტალიტეტი ასე თუ ისე აგვარებს ყოველდღიურობის მიმდინარეობას, მაგრამ უუნაროა გადაჭრას სახელმწიფო და სხვა ფართომასშტაბიანი პრობლემები.
***
ქართული სოციუმის ამგვარი სტრუქტურა განსაზღვრავს ჰორიზონტის სივიწროვეს როგორც სივრცეში, ისე დროში. სივრცე ძირითადად შემოიფარგლება `სოფლით~, დრო კი წარსულით, აწმყოთი, მომავლის განზომილება კი პრაქტიკულად არ მოქმედებს. ქართული კულტურის `ქცევითი სივრცე~ აწმყოზეა ორიენტირებული. გრძელვადიანი დაგეგმარება, შორს გათვლილი სტრატეგია ქართული კულტურისათვის უცხოა როგორც ინდივიდუალურ და ინ-ჯგუფის, ისე სახელმწიფოს მართვის დონეზეც (საგულისხმოა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია არც ერთი პროგრამა, რომელიც რამდენიმე ათწლეულზე ყოფილიყო გათვლილი; მაგრამ მიეღო კიდეც, საეჭვოა, რომ იგი შესრულებულიყოს) .
***
ქართული საზოგადოების სოციალურ სტრუქტურასთან ზუსტ შესაბამისობაშია ბავშვის აღზრდის სტილი, ამასთან, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა აქ ძნელია. ოჯახში სუფევს, ე. ფრომის ტერმინოლოგიით, დედობრივი, ანუ უპირობო სიყვარული (Fromm, 1967) – ჩემიანი, განსაკუთრებით კი შვილი, ყოველთვის მართალია და საყვარელი, როგორიც არ უნდა იყოს იგი. ამის საწინააღმდეგოდ, მამობრივი სიყვარული განპირობებულია – ბავშვმა უნდა გარკვეული პირობები შეასრულოს, რათა მშობლების სიყვარული შეინარჩუნოს. ფრომის მიხედვით, ოპტიმალურ შემთხვევაში, მამობრივი სიყვარული თანდათან ენაცვლება დედობრივს (მაგრამ ბოლომდე მას არ განდევნის), რის შედეგადაც ყალიბდება სუვერენული, მოწიფული პიროვნება (გასაგებია, რომ ხსენებული ტერმინები პირობითია; როგორც დედობრივი, ისე მამობრივი სიყვარული შეიძლება აკავშირებდეს ნებისმიერი სქესის, ასაკის, ნებისმიერ ნათესაურ თუ სხვა დამოკიდებულებაში მყოფ ადამიანებს).
თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში მამობრივი სიყვარულის ნასახი არ შეიმჩნევა. ყველაფერს მსჭვალავს დედობრივი ურთიერთობები , ოჯახიდან ვიდრე ხელისუფლების სტრუქტურებამდე. მაგრამ სოციალიზაცია ოჯახიდან იწყება.
`საშუალო~ ქართულ ოჯახში ბავშვი განიხილება არა როგორც მომავალი სუვერენული პიროვნება, არამედ როგორც მშობლების ნაწილი. მას ზრდიან ჰიპერ-მზრუნველობის პირობებში; მისი ყველა მოთხოვნილება კმაყოფილდება მაშინვე და ხშირად ჭარბად, ამასთან, ძირითადი აქცენტი კეთდება კვებაზე. აღსანიშნავია, რომ ისეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ამგვარ ზრუნვას, ფრუსტრირებულია საკუთარი იმპულსების მყისიერი დაკმაყოფილების, თავნებობის `მიმართულებით~, ვინაიდან მიღებული და სასურველი ნორმა სწორედ ესაა.
ჰიპერმზრუნველობის საერთო ფონი პერიოდულად ირღვევა სიმკაცრის ხანმოკლე `აფეთქებებით~ - ყვირილით, უხეშობით, ზოგჯერ ცემითაც. არის ოჯახები, სადაც ფონს ამგვარი ურთიერთობა შეადგენს - სწორედ ამ შემთხვევაში განიცდის ბავშვი სპეციფიკურ `ქართულ~ ფრუსტრაციას, გრძნობს რა, რომ არ წარმოადგენს ოჯახის უპირობო ცენტრს, როგორც ეს ქართულ გარემოშია მიღებული. მაგრამ უფრო ხშირად საერთო ფონი `მონოცენტრულია~ და აღწერილ უსიამოვნო `ჩანართებს~ ბავშვი საკმაოდ მშვიდად აღიქვამს, იცის რა, რომ ხანმოკლე `ამოფრქვევები~ საერთო ატმოსფეროს არ ცვლის; მეტიც, ზოგჯერ ბავშვი მათ პროვოცირებასაც კი აკეთებს, სარგებლის ნახვის მიზნით - მშობელი ბრალს გრძნობს სიმკაცრისთვის და მალე მის კომპენსირებას ცდილობს. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევა, როცა ერთი აღმზრდელის სიმკაცრეს სხვები აკომპენსირებენ, უფრო ხშირად კი ბებია.
ქართული ტრადიციული აღზრდის წესის შედეგად, ანუ დედობრივი ურთიერთობების ბატონობის პირობებში, ბავშვს პრაქტიკულად არ უყალიბდება ნებელობითი თვისებები (სწორედ აქაა ქართული კულტურის მხოლოდ აწმყოზე კონცენტრირების მიზეზი; ნებელობა - მომავალზე ორიენტაციას გულისხმობს); ფორმირდება ე.წ. კონტროლის ექსტერნალური ლოკუსი; ეს ნიშნავს, რომ ინდივიდი არ ენდობა საკუთარ ძალებს, მუდამ აქვს `პატრონის~ დახმარების იმედი, ხოლო ნებისმიერ მარცხში გარეშე ძალებს ადანაშაულებს .
***
პირველი კრიზისი ხდება თანატოლებთან რეგულარულ შეხვედრების დაწყებიდან (ეზო, საბავშვო ბაღი, შემდეგ სკოლა): ერთნაირი დედობრივი სიყვარულის პირობებში აღზრდილი ბავშვები `მონოცენტრული~ სამყაროდან ხვდებიან `პოლიცენტრულში~, ამასთან მშობლების კონტროლი ამგვარ სიტუაციებში ჯერ კიდევ ძლიერია და ისინი სისტემატურად ერევიან ბავშვის სოციალურ ცხოვრებაში. მაგრამ თანატოლებთან ურთიერთობისას სურათი მაინც მნიშვნელოვნად იცვლება. `პოლიცენტრულ~ გარემოში თავს იჩენს კონკურენცია და მეტოქეობა; მართალია, სერიოზულ კონფლიქტებს მშობლები აგვარებენ, მაგრამ მაინც აუცილებელი ხდება სოციალური ქცევის ინდივიდუალური სტრატეგიის გამომუშავება. დედობრივი სიყვარულისა დომინირებისა და მამობრივის დეფიციტის მქონე ბავშვმა არ იცის, თუ რა არის წარმატება: წარმატება კონკურენციულ გარემოშია შესაძლებელი , სამაგიეროდ, მან იცის, რა არის მარცხი (მაგალითად, ფიზიკური ტკივილი), რომელიც, მართალია მყისვე კომპენსირდება ჰიპერმზრუნველობით ოჯახისაგან, მაგრამ მაინც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. აქედან გამომდინარე, თანატოლების კონკურენციულ გარემოში მოხვედრისას ბავშვი ორიენტირებულია არა იმდენად წარმატებაზე, არამედ მარცხის თავიდან აცილებაზე. შეიძლება ითქვას, რომ დედობრივი სიყვარულის დომინირება ქართულ კულტურაში აპირობებს სოციალურ ცხოვრებაში მარცხის თავიდან აცილების სტრატეგიის (Atkinson, 1957; Heckhausen, 1980) პრევალირებას, რომელიც ბავშვობაშივე ყალიბდება და შემდგომში აღარ იცვლება წარმატების მიღწევაზე მიმართული სტრატეგიით (იქვე). ამას ადასტურებს ემპირიული გამოკვლევებიც: კონფლიქტურ სიტუაციაში ხუთი შესაძლო სტრატეგიიდან (თავის არიდება, შეგუება, კომპრომისი, კონკურენცია, თანამშრომლობა) ქართველები არჩევენ თავი აარიდონ კონფლიქტს ან შეეგუონ მას; ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი ჰქონდა კონკურენციულ სტრატეგიას (რ. მშვიდობაძე....) .
E
***
სწავლის დაწყებისთანავე იქმნება წარმატების მიღწევის სიტუაცია, რომელსაც ახლავს წარმატების კრიტერიუმი - ნიშანი. თანამედროვე, ეკონომიკურად განვითარებულ კულტურებში სწავლა, განათლების ხარისხი შეადგენს მამობრივი სიყვარულის ერთ-ერთ ძირითად პირობას და საქმეზე ორიენტაციის წანამძღვარს. ქართულ კულტურაში სწავლის ხარისხი `ფაკულტატურია~. კარგად სწავლა გარკვეულწილად შეადგენს კონკურენციისა და მიღწევის საგანს დაწყებით კლასებში, მაგრამ შემდგომ თანდათან კარგავს ღირებულებას, ვინაიდან არაა სათანადოდ წახალისებული არც მშობლებისა და არც სკოლის მიერ; მოსწრების გაუარესება პროგრამის გართულებასთან ერთად არ ემუქრება ბავშვს სიყვარულის დაკარგვით, მასწავლებელი კი უფრო დაკავებულია წესრიგის შენარჩუნების მცდელობით კლასში, ვიდრე სწავლების ხარისხის უზრუნველყოფით. რჩება ბავშვების მცირე პროცენტი, რომლისთვისაც სკოლის ნიშანი და თვით სწავლა მოტივაციურ ძალას ინარჩუნებენ. ამგვარი მოსწავლეებით ამაყობენ სკოლაც და მშობლებიც, მაგრამ კონკურენციულ გარემოში ისინი არ არიან: ჩვენს სკოლაში მოსწავლეებს თითქოს ერთხელ და სამუდამოდ მიეწერებათ სოციალური როლები - ფრიადოსანი, `ოროსანი~, `გაჭირვებული სამოსანი~ და ა.შ. თუ კარგი მოსწავლე ერთ მშვენიერ დღეს მკვეთრად აუარესებს მოსწრებას, ეს მხოლოდ მცირეხნიან რეაქციას იწვევს როგორც მშობლებში, ისე მასწავლებლებში; ზრუნვის ძირითადი საგანი ხდება ის ფაქტორები, რამაც განაპირობა ამგვარი გაუარესება; რაც შეეხება იმთავითვე დაბალი მოსწრების მქონე ბავშვებს, პრაქტიკულად არც ერთი მათგანი არ იცვლის პოზიციას და არ გადადის ფრიადოსანთა კატეგორიაში.
შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული ბავშვები, რომელთაც მეტ-ნაკლებად აქვთ განვითარებული ნებელობითი თვისებები - კარგი მოსწავლეები ან სპორტსმენები თუ მუსიკოსები, თანატოლთა წრიდან არ ირიყებიან, მაგრამ მიბაძვის საგანს არ შეადგენენ. ამრიგად, წარმატება სწავლაში არ აღიქმება როგორც სოციალურად აღიარებული წარმატება, ხოლო ცუდად სწავლა ან საერთოდ მასზე ხელის აღება სოციალურად მისაღებია. წარმატების კრიტერიუმი ხდება პრესტიჟულ უბანში ცხოვრება, ჯიბის ფული, პრესტიჟული სკოლა , სხვა სიტყვებით, მშობლების წარმატება ხდება შვილის წარმატების საწინდარი .
განვითარებულ კულტურებში ინდივიდის ან სოციალური ჯგუფის წარმატებულობის კრიტერიუმად ითვლება შვილებისათვის კარგი განათლების მიცემა; ამასთან, იგულისხმება, რომ პრესტიჟული სასწავლებელი უზრუნველყოფს სათანადო განათლებას; ჩვენთან საქმე სხვაგვარადაა - წარმატების ნიშანია პრესტიჟული სასწავლებლის დამთავრება, რაც შესაბამის განათლების დონეს სრულიადაც არ გულისხმობს.
ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ პრაქტიკულად ნებისმიერ კულტურაში წარმატებული ოჯახის შვილები იმთავითვე უფრო `წარმატებულნი~ არიან, მაგრამ განვითარებულ კულტურებში, სადაც მამობრივი სიყვარული დომინირებს, ეს ბავშვს სერიოზულ ვალდებულებებს აკისრებს; ჩვენთან ეს ასე არაა - რაც უფრო ძლიერია ოჯახი, მით უფრო ნაკლები ძალისხმევა სჭირდება ბავშვს და მით უფრო დაცულია იგი მარცხისაგან.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ პირველი კრიზისის კომპენსაცია ხდება მარცხის თავიდან აცილების სტრატეგიის გამომუშავებით და ოჯახური სიყვარულით. ოჯახური ზრუნვა კომპენსაციას უკეთებს თანატოლების კონკურენციულ გარემოში განცდილ მარცხებს.
***
უფრო სერიოზული კრიზისი თავს იჩენს 14-21 წლის ასაკში, როდესაც ოჯახიდან მიღებული სიყვარული უკვე ვეღარ უკეთებს კომპენსაციას სოციალური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობას. ეს ის პერიოდია, როდესაც მოზარდში დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობს; იგი იწყებს თვითიდენტობის საყრდენების ძიებას, რითაც მას ოჯახი ვერ უზრუველყოფს, განიხილავს რა მას არა მომავალ სუვერენულ პიროვნებად, არამედ მშობლების ნაწილად. ოჯახიდან გამოყოფის მცდელობას მოზარდი ნეგატივიზმის მეშვეობით ახორციელებს - დემონსტრაციულად არღვევს ოჯახურ აკრძალვებს (სიგარეტი, `არანორმატიული ლექსიკა~, ნარკოტიკები) და, ასევე დემონსტრაციულად აღიარებს ახალ ღირებულებებს (`უბანი~ და მისი ნორმები, დაპირისპირება კანონდამცველ ორგანოებთან, `გაგება~ და მისთ.). საყურადღებოა, რომ ახალი ღირებულებების საფუძველია ისევ მცირეჯგუფოვან ურთიერთობებზე (და არა საქმეზე) ორიენტაცია. იგივე რჩება ქცევის წამყვანი სტრატეგია - მარცხის თავიდან აცილება. წარმატების კრიტერიუმია ყველაფერი ის, რაც მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს: ძლიერი ოჯახი პლუს ძლიერი `კუტოკი~, ფართო ნაცნობობის წრე და ავტორიტეტი სხვა `სოფლებში~, ფიზიკური სიძლიერე და `შნო~, ფული და მანქანა . ამ პერიოდში, როგორც ემპირიული გამოკვლევები აჩვენებს, ქართულ მოზარდებში იზღუდება კრეატიულობა, სწავლის ღირებულება კიდევ უფრო ეცემა, ცნობისმოყვარეობა მცირდება. ხდება `საშუალო ქართული~ ჰორიზონტის (დროისა და სივრცის ასპექტში), `სოფლის~ მენტალიტეტის ჩამოყალიბება და ფიქსაცია.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს `კუტოკი~. ესაა მომავალი `საძმაკაცოს~ საფუძველი; აქაც უპირობო სიყვარული დომინირებს, რომელიც, გარკვეულწილად, ჩაენაცვლება ოჯახურს. აქ შემდეგი მექანიზმია: ოჯახისაგან გამოყოფის, დამოუკიდებელ პიროვნებად ყოფნის სურვილს ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საჯარო ქცევისათვის აუცილებელი ჩვევების დეფიციტი. თანატოლთა წრე ხდება თავშესაფარი, სადაც ეს წინააღმდეგობა იხსნება, მაგრამ ინდივიდისა და ჯგუფის ურთიერთდამოკიდებულება იგივე რჩება.
აქედან გამომდინარე, მეგობრული კავშირები ქართულ კულტურაში საგრძნობლად უფრო ძლიერია, ვიდრე რომელიმე ჩემთვის ცნობილ სხვა კულტურაში. მეგობრული კავშირების სიღრმე და ინტენსიურობა ისეთ დონეს აღწევს, რომ ჩნდება ინცესტუალური ტაბუების ანალოგები (ძმაკაცის ცოლი, და).
სოციალიზაციის მოცემულ ეტაპზე მკვეთრად იზრდება რისკი. მოზარდი ცდილობს თავი დაიმკვიდროს უბანსა და `კუტოკში~, მეორეს მხრივ, `კუტოკმა~ თავის მხრივ უნდა აჩვენოს სიცოცხლისუნარიანობა სხვა `კუტოკებთან~ მიმართებაში; ამ მიზნების მისაღწევად კი ქართული კულტურა დასაშვებად მიიჩნევს ჩხუბს, იარაღის გამოყენებითაც კი. გარდა ამისა, ძალაში რჩება თავნებობის მოდუსი, რომელსაც თან ერთვის მოთხოვნილებათა გაზრდა; ეს კი მატერიალურ სახსრებს მოითხოვს, რასაც ოჯახი ვერ, ან არ უზრუნველყოფს. ასეთ ვითარებაში მართლწესრიგის დარღვევა, ბენზინის მოპარვიდან და ტაქსის მძღოლის `გადაგდებით~ დაწყებული და ფრიად სერიოზული დანაშაულებით დამთავრებული, არა მხოლოდ არ იგმობა, არამედ სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა. ბუნებრივია, ყველაფერი ეს ზრდის კანონდამცველი ორგანოების ახლოს გაცნობის რისკს. თუ ამგვარი გაცნობა მოხდა, ერთვება ყველა რესურსი, თუმცა მთავარ როლს ოჯახის პოტენციალი თამაშობს. მაგრამ ხდება, თანაც არცთუ იშვიათად, რომ არაფერი არ ჭრის და მოზარდი ხვდება ციხეში, ანუ განიცდის ლამის ყველაზე მძიმე მარცხს, რაც კი ადამიანს შეიძლება შეემთხვას. ამგვარი სიტუაციისათვის ქართულმა კულტურამ ფრიად `გონებამახვილი~ გამოსავალი გამონახა: ციხეში მოხვედრა უბნის ნორმებით - წარმატებაა; ნაციხარი უბნელის ავტორიტეტი თანატოლებში საგრძნობლად იზრდება (თუმცა, რა თქმა უნდა აქ სოციალური ფენის ფაქტორია გასათვალისწინებელი).
***
მე აღარ შევჩერდები ქართულ კულტურაში ინდივიდის სასიცოცხლო გზის სხვა ეტაპებზე (პროფესიის არჩევა და დაუფლება, დაქორწინება და სხვ.), რომლებიც, მართალია სერიოზულ გავლენას ახდენენ პიროვნებაზე, მაგრამ სოციალური ქცევის არსებულ და მიღებულ სტერეოტიპებს მნიშვნელოვნად არ ცვლიან. შეიძლება ითქვას, რომ მოზარდობის პერიოდში პრაქტიკულად საბოლოოდ იზღუდება `მსოფლხედვის მასშტაბები~ - სოციალური მოთხოვნილებები აღარ სცილდება `სოფლის~, მაქსიმუმ, `სოფელთაშორისი~ სივრცის ფარგლებს; ყალიბდება ქართული კულტურისათვის ტიპიური თვისებები - კომპეტენტურობა ურთიერთობებში, სტუმართმოყვარეობა, კონსერვატიზმი, იგივე თავნებობა და სხვ. საჯარო ქცევის ჩვევის უნარების დეფიციტი და მარცხის თავიდან აცილების სტრატეგია განსაზღვრავს იმას, რომ `სოფლისგარეშე~ სივრცე აღიქმება როგორც სახიფათო და მტრული, რის შედეგადაც მიღწევის მოტივაცია არ სცილდება `სოფლის~ მასშტაბებს. წარმატების მიღწევისათვის ინდივიდი, იმთავითვე უსაფრთხო გზას ადგება, მიმართავს ტრადიციულ ხერხებსა და მეთოდებს . როგორც წესი, მას ზურგს უმაგრებს `პატრონი~ - ოჯახი ან გავლენიანი `თანასოფლელი~ . ტრადიციისაგან გადახვევას თან ახლავს `სოფლის~ მხარდაჭერის დაკარგვის საფრთხე (გავიხსენოთ ალუდა ქეთელაური), ამ მხარდაჭერის გარეშე კი საქართველოში ცხოვრება ძალზე ძნელია, წარმატება კი პრაქტიკულად მიუღწევადი.
მარცხის თავიდან აცილების გარანტიისა და თავნებობის რეალიზაციისათვის ჩვენს კულტურაში სამი საუკეთესო საშუალება არსებობს: თანამდებობა, ფული, გავლენიანი ნაცნობები. რა თქმა უნდა, ესენი სხვა კულტურებშიც ასრულებენ იგივე ფუნქციას, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჩვენში მათ სხვა ფუნქციები პრაქტიკულად არ გააჩნიათ. თანამდებობა უპირველესად არსებობს საკუთარი თავისა და `თანასოფლელებისათვის~ (და არა იმ საქმისათვის, რომლისთვისაცაა დაწესებული), ხოლო ფული არაა კაპიტალი. მარცხის აცილების ამ სამი `გარანტის~ ფლობა ჩვენს კულტურაში ყველაზე სასურველ წარმატებად უნდა ჩაითვალოს.
გარდა ამისა, არსებობს მომხდარი მარცხის გამართლების უნივერსალური საშუალება - `გაგება~; იგი ამართლებს პრაქტიკულად ნებისმიერ ქცევას, რომელიც იგმობა `სოფელზე~ ფორმალურად მაღლა მდგომი ნორმებით (კანონი, მორალი, საჯარო ღირებულება). ეს ერთ-ერთი გამოხატულებაა იმ დიდი განსვლისა, რომელიც ჩვენს კულტურაში არსებობს საჯარო ღირებულებებსა (დღეისათვის ესაა დემოკრატიული ფრაზეოლოგიით ორნამენტირებული `ენა, მამული, სარწმუნოება~) და რეალურ, ყოველდღიური ცხოვრების მამოტივირებელ ღირებულებებს შორის. ზედმეტია ლაპარაკი, რომ `სოფლის~ ნორმები პრიორიტეტით სარგებლობენ.
***
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ქართული კულტურის პროფილს და მის კვლავწარმოებას, სოციალურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, განსაზღვრავს შემდეგი თავისებურებები, რომლებიც მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული:
• ბავშვის აღზრდის სტილი (უპირობო, დედობრივი სიყვარული; ჰიპერმზრუნველობა; `მონოცენტრიზმი”; ჭარბი კვება).
• თავნებობა (იმპულსურობა; სოციალური აკრძალვების იგნორირება; ჰედონიზმი; ნებელობის დეფიციტი).
• მარცხის თავიდან აცილების სტრატეგია (კონტროლის ექსტერნალური ლოკუსი, `პატრონის~ იმედი; ორიენტაცია პიროვნებათაშორის ურთიერთობებზე; ტრადიციების ერთგულება).
• ორიენტაცია მცირე ჯგუფზე, `სოფელზე~ (ვიწრო დროითი და სივრცითი ჰორიზონტი; საჯარო ქცევის ჩვევების დეფიციტი).
***
შეიძლება თუ არა ამგვარი პროფილის მქონე კულტურა წარმატებული იყოს? თანამედროვე სოციალურ მეცნიერებაში წარმატებულ ერად ითვლება ის, რომელშიც შედარებით ადვილია საზოგადოების მიერ დასახული, სასურველი მიზნების მიღწევა (Diener & Suh., 2000). 65 ქვეყანაში 1996 წელს ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით (Ingelhart & Klingemann, 2000), საქართველოს ბოლოდან მერვე ადგილი უჭირავს ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა ბედნიერება, კმაყოფილება ცხოვრებით და სუბიექტური კარგადყოფნა. ცხადია, ეს მაჩვენებლები გაცილებით მაღალი იქნებოდა 70-80-იან წლებში, როდესაც საქართველოს `პატრონი~ ჰყავდა საბჭოთა კავშირის სახით, რომელიც ავად თუ კარგად აგვარებდა `სოფელზედა~ პრობლემებს (უსაფრთხოება, ჯანდაცვა, სოცუზრუნველყოფა, ინვესტიციები და ა.შ.). უნდა ითქვას, რომ ქართულმა კულტურამ ძალიან კარგად შეძლო ბრიყვი რეჟიმისადმი ადაპტირება - ამ პირობებში მართლაც შედარებით ადვილი შეიქმნა `სოფლის~ მასშტაბების წარმატებების მიღწევა, როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დონეზე. ახალ პირობებში, ანუ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსში ყოფნისას, კულტურა ცდილობს გააგრძელოს არსებობა ძველი სტერეოტიპების და ცხოვრების სტილის მეშვეობით, მაგრამ, როგორც რეალობა აჩვენებს, `სოფელზედა~ პრობლემებს თავს ვერ ართმევს. ვიწრო დროით-სივრცითი ჰორიზონტი, ეკონომიკური მენტალიტეტის დეფიციტი, ურთიერთობათა მკვეთრი პრიორიტეტი საქმესთან შედარებით ზღუდავს წარმატების (თუნდაც ქართული კრიტერიუმებით) მიღწევის შესაძლებლობებს. ეს პრობლემატურს ხდის ქართული სახელმწიფოს მდგრად არსებობას, თუკი კულტურამ არ გამოიმუშავა ადექვატური პასუხი შეცვლილი პირობების მიმართ.
I რაც შეეხება წარსულს, ესაა ერთ-ერთი იმ ღირებულებათანი, რომელიც საერთო ქართული იდენტიფიკაციის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, თუმცა ყოელდღიურ ქცევაზე დიდ გავლენას არ ახდენს.
II ქართული კულტურის მაგალითი ადასტურებს ე.ფრომის გამჭრიახობას: უპირობო, ანუ, ფრომის ტერმინოლოგიით, დედობრივი ურთიერთობებით გამსჭვალულ ჩვენს საზოგადოებაში ცენტრალური სოციალური ფიგურა სწორედაც დედაა, რომელსაც ხშირად მამის ატრიბუტები აქვს (ქართლის დედა).
III ამის კარგი მაგალითია ხშირად მარებული გამოთქმა: `ვის ხელში ვართ...~ ამასთან, გავრცელებული განწყობილებაა `ოპტიმისტური ფატალიზმი~ - ეს ქვეყანა ადრე თუ გვიან დალაგდება, `აბა რა იქნება~, მაგრამ `ვიღაცის~ მიერ.
IV ამგვარი სტრატეგიის დომინირების პირობებში `ცხოვრებისეულ იდეალს~, წარმატების განსახიერებას ქართულ კულტურაში წარმოადგენს `ბავშვური~ მოდელი: კეთილდღეობა, დაცულობა, სიძლიერე პლუს ნაკლები შრომა (საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა ამ იდეალის მიღწევის სამი გზა: ნომენკლატურული კარიერა, ჩრდილოვანი ეკონომიკა, `შავი გზა~). ეს იდეალი იმდენად ღირებულია, რომ სოციალურად მისაღებია, თუ მის მისაღწევად აუცილებელი სახსრები უკანონო და ამორალური გზითაა მოპოვებული (ქურდობა, კორუფცია).
V სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს ის გარემოება, რომ ქართულ კულტურაში `გენეტიკური~ თვისებები ბევრად უფრო ფასობს, ვიდრე შეძენილი თუ გამომუშავებული. გამოთქმა `ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი~ დადებითი კონოტაციის მქონეა, თუნდაც მას ირონია გამოერიოს. ეს, იდიომად ქცეული ფრაზა, რომელიც ხშირად მთელი ქართველი ერის დასახასიათებლად იხმარება, მარცხის აცდენის სტრატეგიის ატკინსონისეული გაგების ფორმულად შეიძლება ჩაითვალოს