Tuesday, November 06, 2007

კონკურენცია როგორც აღმოჩენის პროცედურა•

თარგმანი: დავით ხანთაძე

I

ადვილი არ იქნებოდა ეკონომისტების დაცვა შენიშვნისაგან, რომ ისინი უკანასკნელი 40 თუ 50 წლის განმავლობაში კონკურენციას ისეთი პირობების არსებობის დაშვებით იკვლევდნენ, რომლებიც, მათი სინამდვილეში არსებობის შემთხვევაში, კონკურენციას სრულიად უინტერესოს და უფუნქციოს გახდიდნენ. ვინმემ მართლა რომ იცოდეს ყველაფერი ის, რასაც ეკონომიკის თეორია „მონაცემებს“ უწოდებს, მაშინ კონკურენცია ნამდვილად უკიდურესად არაეფექტური მეთოდი იქნებოდა ამ ფაქტების გასათვალისწინებლად. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ზოგიერთმა ავტორმა აქედან გამომდინარე დაასკვნა, რომ ჩვენ ან სრულიად შეგვიძლია ბაზრის ინსტიტუტზე უარის თქმა, ან უკიდურეს შემთხვევაში მისი შედეგები სოციალური პროდუქტის მისაღებად გადადგმულ პირველ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ, რისი მანიპულაცია, შესწორება ან გადანაწილება ჩვენ ნებას ექვემდებარება. სხვები კი, რომლებმაც როგორც ჩანს კონკურენციის შესახებ საკუთარი წარმოდგენა თანამედროვე სახელმძღვანელოების მეშვეობით შეიქმნეს, მიიჩნევენ, რომ ეს კონკურენცია საერთოდაც არ არსებობს.
ამასთან დაკავშირებით სასარგებლო იქნება თუ გავიხსენებთ, რომ ყველა იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ კონკურენციას ვიყენებთ, ეს მხოლოდ იმით შეიძლება გავამართლოთ, რომ ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც კონკურენციაში მონაწილეთა ქმედებებს განსაზღვრავენ. სპორტში თუ გამოცდებისას, სახელმწიფო დაკვეთების გაცემისას, ლექსების დაჯილდოვებისას და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მეცნიერების შემთხვევაში, ცალსახაა რომ აბსურდი იქნებოდა კონკურენციის მეთოდის გამოყენება, წინასწარ რომ ვიცოდეთ გამარჯვებული. ამიტომ მსურს, როგორც მივუთითე მოხსენების სათაურში, კონკურენცია ისეთი ფაქტების აღმოჩენის მეთოდად მივიჩნიო, რომლებიც მისი არარსებობის შემთხვევაში ან უცნობი დარჩებოდნენ, ანდა არ მოხდებოდა მათი გამოყენება.•
ის, რომ კონკურენციის შემთვევაში სწორედ ასეთი სახის აღმოჩენის პროცედურასთან გვაქვს საქმე, თავიდან შეიძლება იმდენად თავისთავად ფაქტად გვეჩვენებოდეს, რომლის აღნიშვნაც კი ზედმეტია. თუმცა ამ ფაქტის ცალსახა კონსტატაციიდან უშუალოდ ისეთი დასკვნები გამომდინარეობს, რაც არც თუ ისე თავისთავადია. პირველი იმაში მდგომარეობს, რომ კონკურენცია მხოლოდ იმიტომ და იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც მისი შედეგები წინასწარ უცნობია და მთლიანობაში განსხვავდება იმისაგან, რის მიღწევასაც ვინმე დაისახავდა მიზნად, ასევე იმიტომ, რომ მისი მოქმედების დადებითი შედეგები იმაში უნდა გამოჩნდეს, რომ იგი გარკვეული განზრახვების ჩაშლას და გარკვეული მოლოდინების გაცრუებას იწვევს.
მეორე დასკვნა, რომელიც პირველთან მჭიდრო კავშირშია, მეთოდოლოგიური ხასიათისაა. იგი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან იგი იმ მთავარ მიზეზზე მიუთითებს, რომლის გამოც უკანასკნელი 20 თუ 30 წლის განმავლობაში მიკრო-თეორიამ, ეკონომიკის მიკრო სტრუქტურის იმ ანალიზმა, რომელსაც შეუძლია მხოლოდ კონკურენციის მნიშვნელობა გაგვაგებინოს, დაკარგა რეპუტაცია და როგორც ჩანს სწორედ ამის შედეგი უნდა იყოს, რომ მრავალ ვითომ ეკონომისტს იგი საერთოდ აღარც კი ესმის. ამიტომ მსურს დასაწყისში ორიოდე სიტყვით ავღნიშნო კონკურენციის ნებისმიერი თეორიის ის განსაკუთრებული მეთოდოლოგიური თვისება, რომელიც მისგან გამომდინარე დასკვნებს საეჭვოდ ხდის ყოველი მათგანისთვის, ვინც ჩვეულებისამებრ განსკუთრებით მარტივი კრიტერიუმის გამოყენებით წყვეტს, თუ რისი აღიარება შეუძლია მას მეცნიერულად მისაღებად და რისი არა.
კერძოდ იმ მიზეზიდან, რომლის გამოც არის მხოლოდ კონკურენციის გამოყენება გამართლებული, აუცილებლად გამომდინარეობს, რომ კონკურენციის თეორიის მართებულობა იმ შემთხვევებისათვის, რომლისთვისაც არის იგი საინტერესო, ვერასოდეს ვერ შემოწმდება ემპირიულად. ღა თქმა უნდა შესაძლებელია, გადავამოწმოთ თეორია ჩვენს მიერ კონსტრუირებული ლოგიკური მოდელების მეშვეობით; და პრინციპში შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ მას ექსპერიმენტულად გადავამოწმებთ ხელოვნურად შექმნილი სიტუაციების მეშვეობით, სადაც ყველა ის ფაქტი, რომელიც უნდა წარმოაჩინოს კონკურენციამ, დამკვირვებლისათვის წინასწარ იქნებოდა ცნობილი. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ექსპერიმენტის შედეგი ცოტათი თუ იქნებოდა საინტერესო და მისი განხორციელება ალბათ არ გაამართლებდა გაღებულ ხარჯებს. მაგრამ მაშინ როცა ის ფაქტები, რომლის აღმოჩენასაც ვისახავთ კონკურენციის მეშვეობით მიზნად, წინასწარ არ არის ჩვენთვის ცნობილი, იმის დადგენასაც ვერ შევძლებთ, თუ რამდენად ეფექტურად წარმოაჩინა მან ყველა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელთა აღმოჩენაც იქნებოდა შესაძლებელი. ემპირიულად მხოლოდ იმის დადგენა შეიძლება, რომ ყველა ის საზოგადეობა, რომელიც ამ მიზნით კონკურენციას იყენებს, ამ შედეგს უფრო დიდი ხარისხით აღწევს ვიდრე სხვები – საკითხი, რომელსაც ჩემი აზრით ცივილიზაციის ისტორია დამაჯერებლად ადასტურებს.
ის განსაკუთრებული გარემოება, რომ კონკურენციის ფუნქციონირების ემპირიულად გადამოწმება სწორედ იმ შემთხვევებშია შეუძლებელი, როცა იგი საინტერესოა, სხვათაშორის მას აერთიანებს მეცნიერების აღმოჩენის პროცედურასთან. ასევე შეუძლებელია დამკვიდრებული მეცნიერული პროცედურების უპირატესობების მეცნიერულად დასაბუთება, ისინი ხომ მხოლოდ იმიტომ არიან აღიარებული, რომ მათ სხვა პროცედურებთან შედარებით ფაქტობრივად უკეთეს შედეგებამდე მიგვიყვანეს.
ეკონომიკურ კონკურენციასა და მეცნიერების წარმატებულ პროცედურას შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ პირველი ცალკეული ცვალებადი გარემოებების აღმოჩენის მეთოდს წარმოადგენს, მაშინ როცა მეცნიერება ისეთი რამის აღმოჩენას ისახავს მიზნად, რასაც ხანდახან „ზოგად ფაქტებს“ უწოდებენ, ანუ მოვლენებს შორის კანონზომიერებების დადგენას, განუმეორებელი, ცალკეული ფაქტები კი მას იმდენად აინტერესებს, რამდენადაც ისინი მისი თეორიის უარყოფას ან დადასტურებას ემსახურებიან. რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე ჩვენი სამყაროს ზოგად და მუდმივ თვისებებთან გვაქვს, ამიტომ მეცნიერების აღმოჩენებს საკმაო დრო აქვთ დაამტკიცონ საკუთარი მნიშვნელობა, მაშინ როცა ცალკეული გარემოებების სარგებლობა, რომელსაც აღმოაჩენს ეკონომიკური კონკურენცია, დიდ წილად წარმავალია. ასევეე ადვილია მეცნიერული მეთოდის თეორიის დისკრედიტაცია იმაზე მითითებით, რომ მისი მეშვეობით შეუძლებელია გადამოწმებადი პროგნოზების გაკეთება იმის თაობაზე, თუ რა აღმოჩენას გააკეთებს მეცნიერება, როგორც მოხდა ბაზრის თეორიის დისკრედიტიაცია იმაზე მითითებით, რომ მისი მეშვეობით შეუძლებელია საბაზრო პროცესის კონკრეტული შედეგების პროგნოზირება. ამ თეორიას თავისი ბუნებიდან გამომდინარე არ შეუძლია ამის მიღწევა ყველა იმ შემთხვევაში, როცა აზრი აქვს კონკურენციის გამოყენებას. როგორც ვნახავთ, ამ თეორიის პროგნოზირების უნარი ძალაუნებურად შემოიფარგლება იმ სტრუქტურის ან აბსტრაქტული წესრიგის სახეობის პროგნოზირებით, რომელიც ჩამოყალიბდება, მაგრამ ის არ მოიცავს ცალკეული კონკრეტული მოვლენის პროგნოზირებას.

II

თუმცა ეს მე კიდევ უფრო მაშორებს ჩემს მთავარ თემას, რამოდენიმე სიტყვით მაინც მინდა ავღნიშნო ის შედეგები, რომელიც გამოიწვია მცდარი მეთოდოლოგიური კრიტერიუმების გამოყენებით მიკრო-თეორიასთან დაკავშირებით განპირობებულმა იმედგაცრუებამ. როგორც ჩანს იგი იყო იმის მთავარი მიზეზი, რომ ეკონომისტების დიდმა ნაწილმა ზურგი შეაქცია მას და ეგრედ წოდებული მაკრო-თეორიით დაინტერესდა, რომელიც თითქოს უკეთესად შეესაბამება მეცნიერულობის კრიტერიუმებს, რადგან იგი მიზდან ისახავს კონკრეტული მოვლენების პროგნოზირებას. თუმცა ჩემი აზრით იგი სინამდვილეში გაცილებით ნაკლებად მეცნიერულია, და მას საერთოდაც არა აქვს უფლება პრეტენზია ქონდეს ითვლებოდეს მკაცრი გაგებით თეორიულ მეცნიერებად.
ამ შეხედულების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომიკის მაკრო სტრუქტურა არ შეიძლება ავლენდეს კანონზომიერებებს, რომლებიც არ არიან მიკრო სტრუქტურის შედეგები, და იმ ერთობლიობებს ან საშუალო მონაცემებს, რომლის დადგენაც არის სტატისტიკის მეშვეობით მხოლოდ შესაძლებელი, ჩვენთვის არანაირი ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლიათ მიკრო სტრუქტურაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. შეხედულება, რომ ისე უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი თეორიები, რომ უშუალოდ მოხდეს მათი მორგება დადგენილ სტატისტიკურ ან სხვა გაზომვად სიდიდეებზე, ჩემი აზრით მეთოდოლოგიური შეცდომაა, რომელიც, იმ შემთხვევაში თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ამ პრინციპით იხელმძღვანელებდნენ, მათ განვითარებას ძალიან შეაფერხებდა. თეორიებს ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია მოვთხოვოთ, რომ შესაბამისი მონაცემების გამოყენებით ისეთი დასკვნების გაკეთება იყოს შესაძლებელი, რომლებიც შეიძლება გადამოწმდნენ რეალობის მეშვეობით. ხოლო ის, რომ ჩვენს სფეროში ეს კონკრეტული მონაცემები იმდენად მრავალმხრივია და რთული, რომ ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებთ მათ სრულყოფილ თავმოყრას, ურყევი ფაქტია, მაგრამ არა თეორიის ხარვეზი. იგი განაპირობებს, რომ ჩვენი თეორიების მეშვეობით მხოლოდ ძალიან ზოგადი მოსაზრებების გაკეთება შეგვიძლია, „პატტერნ პრედიციტიონს“, როგორც ამას სხვა ადგილას ვუწოდე, მაგრამ ჩვენ არ გვძალუძს კონკრეტული პროგნოზების გაკეთება ცალკეული მოვლენების შესახებ. თუმცა ეს არ არის საკმარისი მიზეზი, ველოდოთ ჩვენს ხელთ არსებულ სიდიდეებს შორის ცალსახა კავშრების არსებობას ან ვამტკიცოთ, რომ ეს მეცნიერული შემეცნების მისაღწევად ერთადერდი მეთოდია – განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიცით, რომ რეალობის იმ ბუნდოვან ასახვაში, რომელსაც ჩვენ სტატისტიკას ვუწოდებთ, ერთობლიობების და საშუალო მონაცემების სახით ბევრ ისეთ რაღაცას ვაერთიანებთ, რომელთა მიზეზობრივი მნიშვნელობა განსხვავებულია. თეორია მოვარგოთ ჩვენ ხელთ არსებულ ინფორმაციას, ისე რომ მოცემულმა სიდიდეებმა უშუალოდ ჰპოვონ ასახვა თეორიაში, მცდარი მეცნიერულ-თეორიული პრინციპია.
სტატისტიკური სიდიდეები, როგორციაა ეროვნული შემოსავალი, ინვესტიციები, ფასის დონე ან წარმოების მოცულობა ისეთი სიდიდეებია, რომლებიც არანაირ როლს არ თამაშობს მათი განსაზღვრისას. მართალია მათი დაკვირვებისას შეგვიძლია დავადგინოთ გარკვეული კანონზომიერებები (‚ემპირიული კანონები’ იმ სპეციფიკური მნიშვნელობით, რომლითაც კარლ მენგერი მათ თეორიული კანონებისგან განსხვავებით იყენებდა), რომლებიც ხშირ შემთხვევაში მართლდება, მაგრამ არა ყოველთვის. მაგრამ ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებდით მაკრო-თეორიის მეშვეობით იმ პირობების დადგენას, რომლებიც მათი მართებულობის წინაპირობას ქმნის.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე ეგრედ წოდებულ მაკრო-თეორიას სრულიად უსარგებლოდ მივიჩნევ. რადგან ჩვენ მრავალ მნიშვნელოვან გარემოებასთან დაკავშირებით მხოლოდ სტატისტიკურ ინფორმაციას ვფლობთ, მაგრამ არ გაგვაჩნია მონაცემები მიკრო სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით, იგი ჩვენ ხშირად მხოლოდ მიახლოებით მონაცემებს ან სავარაუდოდ ისეთ პროგნოზებს მოგვაწვდის, რომელსაც ჩვენ სხვა ვერანაირი გზით ვერ მივაღწევთ. ხშირად შეიძლება სასარგებლო იყოს, იმ დაშვების საბუძველზე არგუმენტირება, რომ მაგალითად მთლიანი მოთხოვნის ზრდა ინვესტიციების უფრო დიდ ზრდას გამოიწვევს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულ პირობებში საწინააღმდეგო შემთხვევასთან გვექნება საქმე. რა თქმა უნდა მაკრო ეკონომიკის აღნიშნულ თეორიებს გარკვეული ფასი გააჩნიათ როგორც ძირითად წესებს არასაკმარისი ინფორმაციის შემთხვევაში პროგნოზების ჩამოსაყალიბებლად. მაგრამ ჩემი აზრით ისინი არათუ არ არიან მეცნიერულად მიკრო ეკონომიკის თეორიებზე უფრო სანდო, არამედ მკაცრი გაგებით ისინი საერთოდ მოკლებული არიან მეცნიერულ თვისებებს.
უნდა ვაღიარო, რომ ამ საკითხში დღეს კიდევ უფრო მეტად ვეთანხმები ახალგაზრდა შუმპეტერის მოსაზრებებს, ვიდრე ხანდაზმულისას, რომელსაც ესოდენ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მაკრო-თეორიის აღორძინების გამო. ზუსტად 60 წლის წინათ ახალგაზრდა შუმპეტერი თავის ერთ-ერთ პირველ ნაშრომში , რამოდენიმე გვერდის შემდეგ რაც მან ‚მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის’ ცნება შემოიღო ეკონომიკური თეორიის მეთოდის აღსანიშნავად, წერდა: ‚თუ შევეცდებით ჩვენი თეორიის ცრუ შეხედულებების და გარედან მომდინარე მოთხოვნების გარეშე აგებას, მაშინ საერთოდ არ ვხვდებით ისეთ ცნებებებს [როგორიცაა ‚ეროვნული შემოსავალი’, ‚ეროვნული ქონება’, ‚სოციალური კაპიტალი’]. ამიტომ ჩვენ მათ შემდგომში არ განვიხილავთ; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოვინდომებდით მათ გამოოყენებას, მაშინ დავინახავდით, თუ რამდენი ბუნდოვანება და სირთულეა მათთან დაკავშირებული, რამდენად მჭიდრო კავშირშია ისინი მრავალ მცდარ შეხედულებასთან, ისე რომ ერთ მნიშვნელოვან თეორიამდეც კი არ მივყავართ.’

III

ეხლა კი, მას შემდეგ რაც ჩემი დიდი ხნის სათქმელი ვთქვი, რომ დავუბრუნდე მოხსენების მთავარ თემას, მსურს შემდეგი დაკვირვებით დავიწყო, კერძოდ იმით, რომ ბაზრის თეორია ხშირად იმით აფერხებს კონკურენციის ჭეშმარიტ გააზრებას, რომ იგი მწირი საქონლის ‚მოცემული’ რაოდენობის დაშვებიდან ამოდის. თუმცა რომელი საქონელია მწირი და რომელი ნივთია საქონელი, ან რამდენად მწირი ან რამდენად ძვირფასია ის, სწორედ ის ერთ-ერთი გარემოებაა, რომელიც კონკურენციამ უნდა აღმოაჩინოს: ცალკეული ინდივიდი ყოველთვის საბაზრო პროცესის წინასწარი შედეგების საფუძველზე ასკვნის, თუ საით მიმართოს თავისი ყურადღება. განვითარებულ შრომის დანაწილებაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში ფართოდ გაფანტული ცოდნის გამოყენება არ შეიძლება იმას ემყარებოდეს, რომ ცალკეულმა ინდივიდმა საკუთარ გარემოში არსებული საგნების ყველა კონკრეტული გამოყენების საშუალება იცოდეს. მათი ყურადღება ფასებზეა ორიენტირებული, რომელსაც ბაზარი სხვადასხვა საქონლისთვის და მომსახურებისთვის თავაზობს. ეს ყველაფერთან ერთად იმასაც გულისხმობს, რომ ცალკეული ინდივიდის ცოდნის და ჩვევების განსაკუთრებული და გარკვეული კუთხით უნიკალური კომბინაცია არა მხოლოდ – და არავითარ შემთხვევაში პირველ რიგში – ის ცოდნა იქნება, რომლის სრულყოფილი აღწერაც ან დაწესებულებისთვის მიწოდებაც შეეძლება თითოეულ მათგანს. ცოდნა, რომელზეც მე ვსაუბრობ, პირველ რიგში მდგომარეობს განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის უნარში, უნარი, რომელსაც ცალკეული ინდივიდი მხოლოდ მაშინ გამოიყენებს ეფექტურად, თუ ბაზარი მას უკარნახებს, რა სახის ნივთებზე და მომსახურებაზე არსებობს მოთხოვნა და რადმენად სასწრაფოა მისი დაკმაყოფილება.
ეს მინიშნება საკმარისი უნდა იყოს იმის გასაგებად, თუ რა სახის ცოდნაზე ვსაუბრობ, როცა კონკურენციას აღმოჩენის პროცედურას ვუწოდებ. ძალიან შორს წამიყვანდა იმის მცდელობა, იმდენად კონკრეტული ყოფილიყო არგუმენტაცია, რომ ნათალდ მეჩვენებინა ამ პროცესის მნიშვნელობა. თუმცა ის, რაც ვთქვი საკმარისი უნდა იყოს ტრადიციული მიდგომის აბსურდულობის საჩვენებლად, რომელიც იმ მდგომარეობიდან ამოდის, როდესაც ყველა მნიშვნელოვანი გარემოება უკვე ცნობილია – მდგომარეობა, რომელსაც თეორია, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სრულყოფილ კონკურენციას უწოდებს, თუმცა სადაც იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ჩვენ კონკურენციას ვუწოდებთ, აღარ რჩება ადგილი და სადაც ივარაუდება, რომ მან უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია. თუმცა ახლა ის საკითხი უნდა განვიხილო, რომელთან დაკავშირებით უფრო დიდი გაუგებრობა სუფევს, კერძოდ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა, რომ ბაზარი ცალკეული ინდივიდის გეგმებს სპონტანურად არგებს ასეთი სახით აღმოჩენილ ფაქტებს, ან საკითხი, თუ რა მიზანს ემსახურება ამ სახით მოპოვებული ინფორმაცია.
ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობა უპირველეს ყოვლისა უკავშირდება მცდარ წარმოდგენას, რომ წესრიგი, რომელიც წარმოიქმნება ბაზრის ფუნქციონირების შედედგად, შეიძლება მივიჩნიოთ მეურნეობად ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და ამიტომ მისი შედეგები იმ კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ ასეთი ინდივიდუალური მეურნეობის შემთხვევაში არის მართებული. ეს კრიტერიუმები, რომლებიც ძალაშია ჭეშმარიტი მეურნეობისთვის, სადაც მთელი ძალისხმევა ერთიანი მიზნების მიღწევისკენაა მიმართული, გარკვეულ წილად სრულიად უმნიშვნელოა იმ რთული სტრუქტურის შემთხვევაში, რომელიც შედგება მრავალი ინდივიდუალური მეურნეობისაგან და რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ იგივე სიტყვით – „მეურნეობა“• - ავღნიშნავთ. მეურნეობა, ამ სიტყვის უშუალო გაგებით, ორგანიზაციას ან სისტემას წარმოადგენს, სადაც რესურსების გამოყენება ხდება მიზანდასახულად, მიზნების ერთიანი იერარქიის მისაღწევად. სპონტანური წესრიგი, რომელსაც ბაზარი ქმნის, სრულიად სხვა ბუნებისაა. მაგრამ ის გარემოება, რომ ის ინდივიდუალური მეურნეობისაგან ძალზე განსხვავდება, განსაკუთრებით კი იმით, რომ იგი არ უზრუნველყოფს ადამიანების მიერ უპირატესად მიჩნეული მიზნების ყოველთვის ნაკლებად მნიშვნელოვან მიზნებზე ადრე შესრულებას, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, თუ რატომ არიან ადამიანები მის მიმართ ნეგატიურად განწყობილი. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ სოციალიზმი სხვას არაფერს ისახავს მიზნად, თუ არა კატალაქსიის, სიტყვა მეურნეობის თავის არიდების მიზნით, როგორც მირჩევნია მოვიხსენიო საბაზრო წესრიგი, ჭეშმარიტ მეურნეობად გადაქცევას, სადაც ერთიან ფასეულობათა იერარქია განსაზღვრავს, თუ რომელი მოთხოვნილება უნდა დაკმაყოფილდეს და რომელი არა.
ეს გავრცელებული სურვილი ორ პრობლემას წარმოშობს. პირველ რიგში, ჭეშმარიტი მეურნეობის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, როგორიცაა ნებისმიერი ორგანიზაციის მართვა, მხოლოდ ორგანიზაციის ან მისი ხელმძღვანელის ცოდნას შეიძლება დაეყრდნოს. მეორე რიგში ასეთი ჭეშმარიტი, გეგმას დაქვემდებარებულ ორგანიზაციად გაგებული მეურნეობის ყველა წევრი მიზანთა ერთიან იერარქიას უნდა ექვემდებარებოდეს. ამას უპირისპირდება სპონტანური საბაზრო წესრიგის, ანუ კატალაქსიის ორივე უპირატესობა: მას ყველა მონაწილის ცოდნის გამოყენება შეუძლია, და იგი ყველა მისი ცალკეული მონაწილის მრავალმხრივ და ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევას ემსახურება.
ის ფაქტი, რომ კატალაქსია არც ერთ ერთიან მიზანთა სისტემას არ ემსახურება, იმ მრავალი, კარგად ნაცნობი სირთულის მიზეზია, რომელიც არა მარტო სოციალისტებს, არამედ ყველა იმ ეკონომისტს აღელვებს, რომლებიც მოწადინებული არიან, შეაფასონ საბაზრო წესრიგის ფუნქციონირება: რადგან, თუ საბაზრო წესრიგი არ ემსახურება მიზანთა რომელიმე კონკრეტულ იერარქიას, უფრო მეტიც, როცა შეუძლებელია მასზე ითქვას, ნებისმიერ სპონტანურად ჩამოყალიბებულ წესრიგის მსგავსად, რომ მას კონკრეტული მიზნები გააჩნია, მაშინ შეუძლებელიცაა წარმოვაჩინოთ მისი შედეგების ღირებულება როგორც ცალკეული პროდუქტების ჯამი. მაგრამ რას ვგულისხმობთ, როცა ვამტკიცებთ, რომ საბაზრო წესრიგი რაიმე მნიშვნელობით მაქსიმუმს ან ოპტიმუმს აწარმოებს?
პასუხის ამოსავალ წერტილს იმის გააზრება უნდა ქმნიდეს, რომ, თუმცა სპონტანური წესრიგი არ შექმნილა რაიმე კონკრეტული, ცალკეული მიზნისთვის და ამ გაგებით შეუძლებელია ვთქვავთ, რომ იგი რაიმე ცალკეულ, კონკრეტულ მიზანს ემსახურება, მიუხედავად ამისა იგი მრავალი ცალკეული მიზნის შესრულებას უწყობს ხელს, რომელიც მთლიანობაში არავისთვის არ არის ცნობილი. ცალკეულ ინდივიდს მხოლოდ მაშინ შეუძლია რაციონალური და წარმატებული მოქმედება, თუ მის ირგვლივ არსებული გარემო მეტნაკლებად დალაგებულია; ცხადია, მნიშვნელოვანია შევეცადოთ იმ პირობების შექმნა, რომელთა არსებობაც შეძლებისდაგვარად აუმჯობესებს ნებისმიერი, შემთხვევით შერჩეული ინდივიდის მიერ მიზნის ეფექტურად მიღწევის პერსპექტივას – მაშინაც კი როცა ჩვენთვის შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რომელი ცალკეული ინდივიდი ისარგებლებს ამ შესაძლებლობით და რომელი არა. როგორც ვნახეთ, აღმოჩენის პროცედურის შედეგები ძალაუნებურად არაპროგნოზირებადია, და ყველაფერს, რასაც შეიძლება აღმოჩენის პროცედურისგან ველოდოთ, არის ის, რომ იგი გააუმჯობესებს უცნობი პირების მიერ საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, მაგრამ არა რაიმე კონკრეტულ შედეგებს კონკრეტული პირებისთვის. ერთადერთი საერთო მიზანი, რომელიც შეიძლება გვქონდეს სოციალური პროცესის მოწესრიგების აღნიშნული ტექნიკის შერჩევისას, მხოლოდ ის აბსტრაქტული სტრუქტურა ან წესრიგია, რომელიც ამის შედეგად ჩამოყალიბდება.

IV

ჩვენ მიჩვეულები ვართ კონკურენციის მიერ წარმოქმნილ წესრიგს წონასწორობა ვუწოდოთ – არც თუ ისე სწორედ შერჩეული სახელწოდება, რადგან ნამდვილი წონასწორობა გულისხმობს, რომ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი უკვე ცნობილია და შესაბამისად კონკურენციის პროცესი უკვე დასრულებულია. წესრიგის ცნებას, რომელსაც როგორც მინიმუმ ეკონომიკის პოლიტიკის დისკუსიებში წონასწორობის ცნებას ვამჯობინებ, ის უპირატესობა გააჩნია, რომ ჩვენ შეგვიძლია იმაზე ვისაუბროთ, რომ წესრიგი შეიძლება დიდი ან პატარა ხარისხით განხორციელდეს და წესრიგი შეიძლება ცვლილებების მიუხედავად შენარჩუნდეს. მაშინ როცა სინამდვილეში წონასწორობა არასოდეს არ არსებობს, ხომ გვაქვს იმის მტკიცების უფლება, რომ ის წესრიგი, რომლის იდეალურ ტიპსაც წარმოადგენს ეკონომიკის თეორიის „წონასწორობა“, დიდი ხარისხით ხორციელდება.
ეს წესრიგი პირველ რიგში იმაში ვლინდება, რომ სხვა ადამიანდებთან ზოგიერთ ტრანსაქციასთან დაკავშირებული მოლოდინები, რომელსაც ეფუძნება ეკონომიკური პროცესის ყველა მონაწილის გეგმები, დიდი ხარისხით შესრულდება. ინდივიდუალური გეგმების აღნიშნული ურთიერთშესატყვისობა იმ პროცესის მეშვეობით მიიღწევა, რომელცას ჩვენ, მას შემდეგ რაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებები სპონტანური წესრიგებით, ანუ „თვით-ორგანიზებადი სისტემებით“ დაინტერესდა, ნეგატიურ უკუკავშირს ვუწოდებთ. და როგორც ამას უკვე ინფორმირებული ბიოლოგებიც ხედავენ, „დიდი ხნით ადრე სანამ კლოდ ბერნარი, კლარკ მაქსველი, ვალტერ ბ. ქენონი ან ნორბერტ ვინერი კიბერნეტიკას შექმნიდნენ, ადამ სმიტმა ასეთივე სიცხადით აჩვენა ეს პრინციპი ხალხთა კეთილდღეობაში. ‚უხილავი ხელი’, რომელიც ფასებს არეგულირებს, ცხადია ამ წარმოდგენას გამოხატავს. ის რასაც სმიტი ამბობს, ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ თავისუფალ ბაზარზე ფასები ნეგატიური უკუკავშირით დგინდება.“
ქვევით ჩვენ დავინახავთ, რომ იმ ფაქტს, რომ სწორედ მოლოდინების გაცრუება იწვევს მოლოდინების დიდი ხარისხით ურთიერთშეთანხმებულობას, საბაზრო წესრიგის ფუნქციონირების გაგებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ბაზრის ფუნქციონირება არ ამოიწურება ინდივიდუალური გეგმების ურთიერთშეთანხმების მიღწევით. იგი ასევე იმას იწვევს, რომ ყველაფერი, რაც იწარმოება, მათ მიერ იწარმოება, ვისაც ამ საგნების უფრო იაფად (ან მინიმუმ ისევე იაფად) წარმოება შეუძლია ვიდრე ნებისმიერ სხვას, რომელიც მათ სინამდვილეში არ აწარმოებს, და საქონელი იმ ფასებად იყიდება, რომლებიც უფრო მცირეა ვიდრე ის, რომელ ფასადაც ვინმეს შეეძლო მათი შეთავაზება, ვინც სინამდვილეში ამ საქონელს არ თავაზობს. ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი საკუთარ ხარჯებზე დიდ მოგებებს მიაღწევს, მანამ სანამ ეს ხარჯები მნიშვნელოვნად მცირეა იგივე საქონლის სხვა საუკეთესო პოტენციურ მწარმოებელთან შედარებით. მაგრამ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ რეალურად წარმოებული სხვა და სხვა საქონლის შემთხვევაში იმდენი იწარმოება, რის წარმოებასაც ჩვენთვის ცნობილი ნებისმიერი მეთოდის მეშვეობით შევძლებდით. ეს რა თქმა უნდა იმდენი არ არის, რამდენის წარმოებასაც შევძლებდით, მთლიანი ცოდნა, რომელსაც ფლობს ან შეიძლება შეიძინოს ცალკეულმა ინდივიდმა, ცენტრალური დაწესებულების განკარგულებაში რომ იყოს და მის მიერ მოხდეს ამ ცოდნის კომპიუტერში შეყვანა. ჩვენს მიერ გამოყენებული აღმოჩენის პროცედურის ხარჯები მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ ბაზრის მიერ მიღწეულ შედეგებს უსამართლოდ ვეპყრობით, როცა ჩვენ მათ გარკვეულ წილად „ზემოდან“ ვაფასებთ, ანუ ვადარებთ მას იდეალურ სტანდარტს, რომლის მიღწევაც ჩვენ არანაირად არ გვძალუძს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის ფუნქციონირებას „ქვევიდან“ შევაფასებთ, ანუ შევადარებთ იმ მდგომარეობას, რისი მიღწევაც შეგვიძლია ჩვენთვის ცნობილი რაიმე მეთოდის მეშვეობით, განსაკუთრებით იმ მდგომარეობას, რასაც მივიღებდით კონკურენციის შეფერხების შემთხვევაში – მაგალითად თუ მხოლოდ მათ ექნებოდათ რაიმე საქონლის წარმოების უფლება, ვინც შესაბამის ნებართვას მიიღებდა დაწესებულებისაგან -, მაშინ ცხადი გახდებოდა ბაზრის მიერ შესრულებული სამუშაოს მნიშვნელობა. ჩვენ მხოლოდ უნდა გავიხსენოთ, თუ რამდენად რთულია ეფქტური კონკურენციის პირობებში კლიენტების არსებულთან შედარებით უკეთესი ხარისხის ან იაფი საქონლით მომარაგების შესაძლებლობების აღმოჩენა. როცა გვჯერა, რომ თითქოს ასეთი გამოუყენებელი შესაძლებლობები აღმოვაჩინეთ, ხშირად ვხედავთ, რომ ისინი იმიტომ დარჩნენ გამოუყენებელი, რომ ეს ან რაიმე დაწესებულებამ ან კერძო ძალაუფლების ძალიან არასასსურველმა გამოყენებამ შეაფერხა.
ჩვენ რა თქმა უნდა არ შეიძლება დაგვავიწყდეს, რომ ბაზარს არ შეუძლია იმაზე მეტის მიღწევა, თუ არა მიუახლოვდეს რომელიმე წერტილს იმ ნ-განზომილებიან სიბრტყეზე, რომლის მეშვეობითაც წმინდა თეორია შესაძლებლობების იმ ჰორიზონტს აღწერს, რომელიც შეიძლება მიღწეულიყო საქონლის და მომსახურების ნებისმიერი კომბინაციის შენთხვევაში; ამავე დროს ბაზარი სხვადასხვა საქონლის კონკრეტულ კომბინაციას და მათ ცალკეულ ინდივიდებს შორის გადანაწილებას ძირითადად გაუთვალისწინებელ გარემოებებს და ამ გაგებით შემთხვევითობას ანდობს. მდგომარეობა იმას გავს, როგორც უკვე ადამ სმიტმა დაინახა , თითქოს შევთანხმებულიყავით გვეთამაშა ისეთი თამაში, რომელიც ნაწილლობრივ ოსტატობას და ნაწილობრივ იღბალს ეფუძნება, და რომლის წესებსაც, იმის ხარჯზე, რომ ყოველი ცალკეული ინდივიდის წილს გარკვეულ წილად შემთხვევითობა განაპირობებს, იქამდე მივყავართ, რომ ცალკეული ინდივიდის გარკვეულ წილად შემთხვევითობაზე დამოკიდებული წილის ექვივალენტი მაქსიმუმს აღწევს. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ჩვენ არა-ნულოვანი-ჯამის-თამაშს ვთამაშობთ, რომლის წესებიც მიზნად ისახავს დივიდენდების (გასაყოფის ჭეშმარიტი გაგებით) გაზრდას, მაგრამ ცალკეულის წილის განსაზღვრას შემთხვევითობას ანდობს. გონი, რომლისთვისაც ყველა ფაქტი რომ ყოფილიყო ცნობილი, რა თქმა უნდა შეძლებდა აერჩია ნებისმიერი, მისთვის სასურველი წერტილი იმ ნ-განზომილებიან სიბრტყეზე და მის მიერ შერჩეული პროდუქტების კომბინაცია გადაენაწილებინა საკუთარი შეხედულებისამებრ. მაგრამ ერთადერთი წერტილი ამ შესაძლებლობების ჰორიზონტზე (ან მასთან შეძლებისდაგვარად მიახლოვებული), რომლის მიღწევაც ჩვენთვის ნაცნობი პროცედურის მეშვეობით შეგვიძლია, ის არის, რომელსაც მივაღწევთ, თუ მის განსაზღვრას ბაზარს მივანდობთ. ეგრედ წოდებულ „მაქსიმუმს“, რომლის მიღწევასაც შევძლებთ ამ გზით, რა თქმა უნდა ვერ განვსაზღვრავთ როგორც გარკვეული რაოდენობის საქონლის ჯამს, არამედ მხოლოდ იმ შესაძლებლობით, რომელსაც იგი ცალკეულ ინდივიდს ანიჭებს, გარკვეულ წილად შემთხვევითობის მეშვეობით განსაზღვრული წილისთვის მიიღო შეძლებისდაგვარად დიდი ექვივალენტი. ის, რომ შეუძლებელია ამ შედეგის მიღწეული კონკრეტული შედეგების ერთიან ფასეულობათა სისტემის საბუძველზე შეფასება, ერთერთი მიზეზია, თუ რატომ მიმაჩნია შეცდომად, საბაზრო წესრიგის ანუ კატალქსიის შედეგებს ისე ვუყურებდეთ, თითქოს საქმე წმინდა გაგებით მეურნეობასთან გვქონდეს.

V

საბაზრო წესრიგის აღნიშნული მცდარი გაგება როგორც მეურნეობა, რომლის მიზანიცაა, სხვადასხვა მოთხოვნილებების არსებული პრიორიტეტების მიხედვით დაკმაყოფილება, ასახვას პოვებს პოლიტიკის სფეროს მონდომებაში, მოახდინოს ფასების და შემოსავლების კორექცია ეგრედ წოდებული „სოციალური სამართლიანობიდან“ პრინციპის შესაბამისად. მიუხედავად სხვადასხვა მნიშვნელობებისა, რომლის მინიჭებასაც ცდილობდნენ სოციალური ფილოსოფოსები აღნიშნული ცნებისთვის, რეალურად იგი ყოველთვის მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა: კერძოდ ადამიანთა გარკვეული ჯგუფების დაცვას, არ დაეთმოთ მიღწეული აბსოლიტური, თუ შედარებითი მატერიალური მდგომარეობა. ეს კი ის პრინციპია, რომელიც საყოველთაოდ ვერ განხორციელდება, თუ არ მოხდება საბაზრო წესრიგის საფუძვლების განადგურება. არა მარტო პროგრესიული ზრდა, არამედ გარკვეულ პირობებში ასევე მიღწეული საშუალო საშემოსავლო დონის შენარჩუნება იმ ურთიერმორგების პროცესების განხორციელებაზეა დამოკიდებული, რაც ცალკეული ინდივიდების და ჯგუფების არა მარტო შედარებითი, არამედ აბსოლუტური წილების ცვლილებას მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები არანაირად არ არიან აღნიშნული ცვლილების აუცილებლობაზე პასუხისმგებელნი.
მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ ყველა ეკონომიკური გადაწყვეტილება მოულოდნელი ცვლილებებით არის განპირობებული და ფასის მექანიზმის გამოყენება მხოლოდ იმით არის გამართლებული, რომ იგი ცალკეულ ინდივიდს აჩვენებს, რომ ის, რასაც ის აქამდე აკეთებდა ან ახლაც შეუძლია გააკეთოს, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. ადამიანური ქმედებების მთლიანი წესრიგის ცვალებად გარემოებებზე მორგება იმას ეფუძნება, რომ ანაზღაურება იცვლება სხვადასხვა შესრულებული სამუშაოსთვის, ისე რომ არ ხდება შესაბამისი ინდივიდის დამსახურებების ან ნაკლოვანებების გათვალისწინება.
ამასთან დაკავშირებით ხშირად გამოთქმა „სტიმული“ (ინცენტივეს) ისეთი სახით გამოიყენება, თითქოს მისი მიზანი იმაში მდგომარეობდეს, ცალკეულ ინდივიდს საკმარისად მონდომებისკენ უბიძგოს. მაგრამ ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ჩვენ გვატყობინებენ, არა რამდენი, არამედ რა სამუშაო უნდა შევასრულოთ. მუდმივად ცვალებად სამყაროში მხოლოდ მიღწეული კეთილდღეობის დონის შენარჩუნება მოითხოვს მრავალი ცალკეული ინდივიდის საქმიანობის მიმართულებების მუდმივ ცვლილებას, და ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ შეიცვლება აღნიშნული საქმიანობების შედარებითი (თუ ბარდობითი) ანაზღაურება. სტაციონარული პირობების შემთხვევაში შემოსავლების არსებული დონის შესანარჩუნებლად აუცილებელი ცვლილებები არ აწარმოებენ ნამატს, რაც შეიძლებოდა გამოყენებულიყო ფასების ცვლილებების შედეგად დაზარალებულების ანაზღაურების მიზნით. მხოლოდ სწრაფად მზარდ ეკონომიკის შემთხვფევაში შეგვიძლია ვიმედოვნოთ ცალკეული ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება.
აღნიშნული პრობლემების დღეს გავრცელებული განხილვისას ხშირად ივიწყებენ, რომ სხვადასხვა ერთობლიობების შედარებითი სტაბილურობა, რასაც მაკრო-თეორია როგორც მონაცემებს იყენებს, მიკრო ეკონომიკური პროცესების შედეგია, სადაც გადამწყვეტ როლს ფასების შედარებითი ცვლილება თამაშობს. საბაზრო მექანიზმის შედეგია, რომ სხვას გააჩნია იმ ხარვეზის აღმოფხვრის მოტივაცია, რაც იმითაა განპირობებული, რომ ვინმე არ ასრულებს იმ მოლოდინებს, რომელზეც მესამე პირები საკუთარ გეგმებს აფუძნებენ. ამ გაგებით ყველა ის კოლექტიური შეთავაზების და მოთხოვნის გრაფიკი, რომლითაც ჩვენ ასე სიამოვნებით ვოპერირებთ, სინამდვილეში მონაცემები კი არა, არამედ კონკურენციის მუდმივი პროცესის შედეგია. ამიტომ სტატისტიკური ინფორმაცია ჩვენ ვერასოდეს ვერ გვეტყვის, თუ ფასების და შემოსავლების რა ცვლილებაა საჭირო მონაცემების გარდაუვალი ცვლილებით გამოწვეული ურთიერთშეთანხმების მისაღწევად.
გადამწყვეტი გარემოება იმაში მდგომარეობს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ბრძანებების მეშვეობით, რომლებიც უსამართლოდ აღიქმებოდნენ, იმ ცვლილებების მიღწევა, რომლებიც უეჭველად აუცილებელია, მაგრამ რომელთა აუცილებლობლობის დასაბუთებაც ყოველთვის შეუძლებელი იქნებოდა კონკრეტულ შემთხვევაში. ასეთ სისტემის შემთხვფევაში გააზრებული მართვა ყოველთვის მიზნად დაისახავდა ისეთი ფასების მიღწევას, რომლებიც სამართლიანად აღიქმებიან, ეს კი რეალურად მხოლოდ არსებული შემოსავლების და ფასების სტრუქტურის შენარჩუნებას შეიძლება ნიშნავდეს. ეკონომიკური სისტემა, რომელშიც ყველა იმას მიიღებდა, რაც მას სხვისი შეხედულების შესაბამისად ეკუთვნის, აუცილებლად ძალიან არაეფექტური სისტემა იქნებოდა – არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ ეს უკიდურესად ტირანული სისტემა იქნებოდა. ამავე მიზეზის გამო უნდა გვეშინოდეს, რომ ყველა „საშემოსავლო პოლიტიკა“ უფრო იქით იქნება მიმართული, კი არ გაადვილოს, არამედ შეაფერხოს ფასების და შემოსავლების სტრუქტურის ის ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია პირობების მოულოდნელ ცვლილებებზე მოსარგებად.
ჩვენი დროის ერთ-ერთი პარადოქსია, რომ ამ მხრივ კომუნისტური ქვეყნები უფრო ნაკლებად არიან დამძიმებული „სოციალური სამართლიანობის“ წარმოდგენებით და ამიტომ „კაპიტალისტურ“ და დემოკრატიულ ქვეყნებთან შედარებით უფრო არიან მზად აზარალონ ისინი, ვის წინააღმდეგაც ვითარდება პროცესები. როგორც მინიმუმ დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში მდგომარეობა სწორედ იმიტომაა ასე უიმედოდ, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელი იდეოლოგია შეუძლებელს ხდის იმ ცვლილებებს, რომლებიც აუცილებელი იქნებოდა დასაქმებულთა მდგომარეობის შეძლებისდაგვარად სწრაფად გასაუმჯობესებლად, რაც აუცილებელი იქნებოდა ამ იდეოლოგიის დასამარცხებლად.

VI

როცა თვით მაღალგანვითრებულ ეკონომიკურ სისტემებში კონკურენცია უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია როგორც აღმოჩენის პროცედურა, სადაც მუდმივად ხდება გამოუყენებელი შესაძლებლობების ძებნა, რომლებიც, მათი აღმოჩენის შემდეგ სხვებმაც შეიძლება გამოიყენონ, ეს რა თქმა უნდა უფრო დიდი ხარისხითაა ძალაში დაბალგანვითარებული საზოგადოებების შემთხვევაში. მე განზრახ განვიხილე წესიგის შენარჩუნებასთან დაკავშირებული პრობლემები პირველ რიგში ისეთ საზოგადოებებში, სადაც საწარმოო საშუალოებების და ტექნიკის უმრავლესობა საყოველთაოდაა ცნობილი, მაგრამ სულ მცირე უკვე მიღწეული დონის შესანარჩუნებლად აუცილებელია საქმიანობის გარდაუვალ მცირე ცვლილებებზე მორგება. აქ არ მსურს შევეხო იმას, თუ რა როლს თამაშობს კონკურენცია არსებული ტექნიკური ცოდნის პროგრესის საქმეში. მაგრამ განსაკუთრებით მინდა იმის აღნიშვნა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა უნდა ქონდეს მას ყველგან იქ, სადაც მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებაში, სადაც აქამდე კონკურენციას უმნიშვნელო ადგილი ეკავა, მოხდეს ჯერ კიდევ უცნობი შესაძლებლობების აღმოჩენა. შეიძლება არც ისე აბსურდული იყოს, თუმცა დიდ წილად მცარი იქნება იმის მოლოდინი, რომ ჩვენ შეგვიძლია კარგად განვითარებული საზოგადოების სტრუქტურის პროგნოზირება და მართვა; მაგრამ ფანტასტიკურად მეჩვენება რწმენა, რომ ჩვენ წინასწარ შეგვიძლია ისეთი საზოგადოების მომავალი სტრუქტურის დადგენა, სადაც მთავარი პრობლემა ჯერ კიდევ იმაში მდგომარეობს, აღმოვაჩინოთ თუ წარმოების რა მატერიალური და ადამიანური რესურსები არსებობს, ან რომ ასეთ ქვეყანაში უნდა შეგვეძლოს იმის პროგნოზირება, თუ რა კონკრეტულ შედეგებს გამოიწვევს ცალკეული ღონისძიება.
იმ გარეომოების გარდა, რომ ასეთ ქვეყანაში ამდენი რამ არის აღმოსაჩენი, ჩემი აზრით არსებობს კიდევ ერთი, რაც კონკურენციის მაქსიმალურ თავისუფლებას აქ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, ვიდრე მაღალგანვითარებულ ქვეყნებში. საქმე ეხება გარემოებას, რომ ჩვევების და ტრადიციების აუცილებელი ცვლილება მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ისინი, ვინც მზად არიან და შეუძლიათ ახალი ქმედებებით ექსპერიმენტირება, შეძლებენ აიძულონ სხვები მათ მიბაძონ, და ისინი ამით მათი გზამკვლევები გახდებიან; თუკი უმრავლესობას შეუძლია ხელი შეუშალოს უმცირესობას ექსპერიმენტების ჩატარებაში, ეს გამოიწვევს აღმოჩენის პროცედურის ჩაშლას. ის ფაქტი, რომ კონკურენცია არა მარტო იმას აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება უკეთესად ნივთების გაკეთება, არამედ აიძულებს ყველას, ვისი შემოსავალიც ბაზარზეა დამოკიდებული, მიბაძონ გაუმჯობესებულ პრაქტიკებს, რა თქმა უნდა კონკურენციის არაპოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. იგი გარკვეულწილად არაპერსონალური იძულების სახეობაა, რომელიც მრავალ ინდივიდს უბიძგებს, საკუთარი ქცევა ისე შეცვალოს, რისი მიღწევაც შეუძლებელი იქნებოდა რაიმე მითითების ან ბრძანების საშუალებით. „სოციალური სამართლიანობის“ მისაღწევად ცენტრალური მართვა შეიძლება იმ ფუფუნებას წარმოადგენს, რისს უფლებაც შეუძლიათ თავის თავს მიცენ მდიდარმა ქვეყნებმა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ღარიბი ქვეყნები შეძლებენ სწრაფად ცვალებად გარემოებებზე იმ მორგების მიღწევას, რაც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს.
ალბათ ამასთან დაკავშირებით ღირს ავღნიშნოთ, რომ ზრდის შესაძლებლობები უფრო დიდი იქნება, რაც უფრო დიდია რომელიმე ქვეყნის ჯერ კიდევ გამოუყენებელი შესაძლებლობების წილი, და ეს ხშირად იმაზე მიგვითითებს, რომ ზრდის დიდი დონე წარსულში განხორციელებულ ცუდ პოლიტიკას, ვიდრე აწმყოს კარგ პოლიტიკას ნიშნავს; ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად მაღალგანვითარებულ ქვეყანაში არ უნდა ველოდეთ ზრდის ისეთ სწრაფ ტემპებს, როგორიც იქნება ისეთი ქვეყნის შემთხვევაში, სადაც რესურსების სრული გამოყენება შეფერხებული იყო კანონიერი და ინსტიტუციური მიზეზების გამო.
ყველაფერ იმის მიხედვით რაც ჩემი ცხოვრების მანძილზე მსოფლიოში მინახავს, ჩემი აზრით იმ ადამიანთა წილი, ვინც მზადაა ახალი შესაძლებლობების გამოცდისათვის, რომლისგანაც ისინი შეიძლება საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდენ, თუკი მათ ახლო მდგომები არ შეაფერხებენ, ყველგან თითქმის ერთი და იგივეა. ხშირად გამოთქმული ჩივილი ახალგაზრდა ქვეყნებში მეწარმეობის ტრადიციის ნაკლებობის შესახებ, ჩემი აზრით არა ამ ქვეყნებში მცხოვრები ცალკეული ინდივიდის უცვლელი თვისება, არამედ იმ შეზღუდვების შედეგია, რომელსაც მათ გაბატონებული შეხედულებები აკისრებებნ. სწორედ ამიტომ გამოიწვევს ფატალურ შედეგებს, თუკი ასეთ ქვეყნებში უმრავლესობის კოლექტიურმა ნებამ უნდა მართოს ცალკეული ინდივიდის საქმიანობა, ნაცვლად იმისა, რომ საჯარო ძალაუფლება ცალკეული ინდივიდის საზოგადოების მხრიდან ზეწოლისაგან დაცვით შემოიფარგლოს – რისი მიღწევაც მხოლოდ კერძო საკუთრების ინსტიტუტს და მასთან დაკავშირებულ ყველა სამართლებრივი სახელმწიფოს თავისუფლების დამცველ დაწესებულებას შეუძლია.

VII

მაგრამ მაშინ როცა საწარმოების შემთხვევაში კონკურენცია საბოლოო ჯამში საკმაოდ გამძლე წარმონაქმნია, რომელიც ყველაზე მოულოდნელად კვლავ იჩენს თავს, როცა მის შეზღუდვას ცდილობენ, დასავლეთში მისი მოქმედება მეტ-ნაკლებად მთლიანად შეჩერებულია ერთი, აუცილებელი საწარმოო ფაქტორის, კერძოდ ადამიანური მუშახელის შემთხვევაში. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენი დროის ეკონომიკური პოლიტიკის ყველაზე რთული, როგორც ჩანს გადაულახავი პრობლემებიც კი, რომლის გადაწყვეტასაც ეკონომისტები ყველაზე დიდ დროს უთმობენ, ეგრედ წოდებული ხელფასების სიხისტის შედეგია. ეს ძირითადად იმას გულისხმობს, რომ ხელფასის სტრუქტურის, ისევე როგორც ხელფასის დონის განსაზღვრა საბაზრო ურთიერთობებისაგან უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდება. ეკონომისტების უმრავლესობის აზრით ამ შემთხვევაში საქმე შეუქცევად პროცესთან გვაქვს, რომლის შეცვლაც ჩვენ არ შეგვიძლია და რომელსაც ჩვენი პოლიტიკა უნდა მოვარგოთ. არ იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვით, რომ ოცდაათი წლებიდან მოყოლებული მონეტარული პოლიტიკის მიზანია იმ პრობლემის გადაწყვეტა, თუ როგორ შეიძლება აქედან გამომდინარე სირთულეებისთვის თავის არიდება. ჩემი აზრით უკვე დიდი ხანია რაც მხოლოდ სიმპტომების გადაწყვეტით ვართ დაკავებული, რაც შეიძლება შესაძლებელს ხდიდეს ფუნდამენტური სირთულეების დროებით დაფარვას, მაგრამ ეს არა მხოლოდ იმ მომენტის გადადებას იწვევს, როცა ჩვენ იძულებული ვიქნებით შევუდგეთ ძირითადი პრობლემის გადაწყეტას, არამედ ეს უფრო ართულებს მის საბოლოო გადაწყვეტას. რადგან ამ სიხისტეების უცვლელ ფაქტად მიჩნევა არა მხოლოდ მათივე გაზრდას იწვევს, არამედ მათ მიერ გამოწვეულ ასოციალურ და დესტრუქციულ პრაქტიკებს ლეგიტიმურობის აურას ძენს. უნდა ვაღიარო, რომ შედეგად მე მთლიანად დავკარგე ინტერესი მონეტარული პოლიტიკის პრობლემების მიმდინარე დისკუსიების მიმართ, რადგან ჩემი აზრით ცენტრალური პრობლემისგან თავის არიდებით, ჩვენ სრულიად უპასუხისმგებლოთ ვაკისრებთ ტვირთს ჩვენს შთამომავლობას. რაღაც მხრივ ჩვენ აქ რა თქმა უნდა მხოლოდ იმას ვიმკით, რაც ამ მოდის დამფუძნებელმა დათესა, რადგან ჩვენ უკვე იმ „ლონგ რუნ“-ში ვიმყოფებით, რომელშიც მან იცოდა, რომ იგი გარდაცვლილი იქნებოდა.
მსოფლიოს არ გაუმართლა, რომ აღნიშნული თეორიები შეიქმნა დიდი ბრიტანეთის განსაკუთრებულ, ალბათ უნიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას, რომელიც მას ჩვენი საუკუნის ოციან წლებში ეკავა, მდგომარეობისა, როცა უმუშევრობის მიზეზად ზედმეტად მაღალი რეალური ხელფასის დონე მიიჩნეოდა და ხელფასის სტრუქტურის მოქნილობის პრობლემა ნაკლებ მნიშვნელოვნად ჩანდა. ომის პერიოდის ინფლაციის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ოქროს სტანდარტზე დაბრუნებით 1914 წლის პარიტეტის მიღწევამ გამოიწვია ის, რომ შესაძლებელი გახდა იმის მტკიცება, რომ იქ ყველა რეალური ხელფასი დანარჩენ სამყაროსთან შედარებით ძალიან მაღალი იყო ექსპორტის აუცილებელი მოცულობის მისაღწევად. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მაშინ რეალობას შეესაბამებოდა. მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დიდ ბრიტანეთს უკვე მაშინ ქონდა უძველესი, ფესვებგადგმული და ყოვლისმომცველი პროფკავშირული მოძრაობა, რომელმაც თავისი სახელფასო პოლიტიკის მეშვეობით ისეთი ხელფასის სტრუქტურის შენარჩუნება შეძლო, რომელიც პირველ რიგში „სამართლიანობის“ და არა ეკონომიკური შესაბამისობის მოსაზრებებით იყო განსაზღვრული - რაც სხვას არაფერს ნიშნავდა თუ არა სხვადასხვა ხელფასებს შორის დამკვიდრებული განსხვავებების შენარჩუნებას და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ცალკეული ჯგუფების შედარებითი ხელფასების, როგორც ამას შეცვლილი პირობები ითოხვდა, ცვლილება. უეჭველია, რომ მაშინ არსებულ მდგომარეობაში მთლიანი დასაქმების მიღწევა მხოლოდ იმით იქნებოდა შესაძლებელი, რომ ზოგერთი რეალური ხელფასი, შეიძლება დასაქმებულთა მთელი ჯგუფებისაც კი, იმ მდგომარეობას დათმობთა, რასაც მათ დეფლაციის შედეგად მიაღწიეს. თუმცა არ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ეს აუცილებლად რეალური ხელფასების საშუალო დონის შემცირებას გამოიწვევდა. შესაძლებელია, რომ ხელფასის ცვლილებაზე მთლიანი ეკონომიკური სტრუქტურის მორგება ამას აღარ გახდიდა საჭიროდ. თუმცა უკვე მაშინ გავრცელებულმა პრაქტიკამ, ხაზი გასმოდა ერთ რომელიმე ქვეყანაში მთლიანი დასაქმებულების რეალური ხელფას საშუალო დონეს, ხელი შეუშალა ამ შესაძლებლობის სერიოზულად განხილვფასაც კი.
ალბათ მიზანშეწონილია აღნიშნული პრობლემის ზოგადი სახით განხილვა. ჩემი აზრით უეჭველია, რომ ნებისმიერი ქვეყნის სამუშაოს პროდუქტიულობა, და შესაბამისად ხელფასის დონეც, რომლის დროსაც შესაძლებელია სრული დასაქმება, დამოკიდებულია დასაქმებულთა ეკონომიკის სხვა და სხვა დარგებში გადანაწილებაზე და ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ხელფასის სტრუქტურითაა განპირობებული. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ხელფასის სტრუქტურა მეტნაკლებად გახევდება, ეს ხელს შეუშლის ან შეანელებს ეკონომიკის შეცვლილ გარემოებებზე მორგებას. ამიტომ ისეთ ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა ხელფასებს შორის განსხვავება დიდი ხნის მანძილზე უცვლელი რჩებოდა, უნდა დავუშვათ, რომ რეალური ხელფასის დონე, რომლის დროსაც შესაძლებელია სრული დასაქმების მიღწევა, მოქნილ ხელფასებთან შედარებით გაცილებით უფრო ნაკლები იქნება.
მეჩვენება, რომ თითქოს, განსაკუთრებით სწრაფი ტექნიკური პროგრესის გარეშე, რომელსაც ჩვენ ასე ძალიან ვართ მიჩვეული, ხელფასების მთლიანად გახევებული სტრუქტურა შეუძლებელს გახდიდა სხვა გარებოებების ცვლილებებზე მორგებას, განსაკუთრებით კი იმ გარემოებებზე მორგებას, რომელიც აუცილებელია შემოსავლის არსებული დონის შესანარჩუნებლად და ეს ამგვარად გამოიწვევდა იმ რეალური ხელფასის დონის დაწევას, რომლის შემთხვევაშიც შესაძლებელია სრული დასაქმების მიღწევა. სამწუხაროდ ჩემთვის უცნობია ემპირიული კვლევები ხელფასების მოქნილობასა და ზრდას შორის არსებულ კავშირზე. თუმცა ჩემი აზრით ასეთი კვლევების შედეგები ამ ორ სიდიდეს შორის მაღალ პოზიტიურ კორელაციას აჩვენებდა: არა იმდენად იმიტომ, რომ ზრდა შედარებითი ხელფასების ცვლილებას იწვევს, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთი ცვლილებების გარეშე შეუძლებელია იმ გარემოებებზე მორგება, რაც აუცილებელია ზრდის მისაღწევად.
ჩემი აზრით მთავარი საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ, თუკი მართალია, რომ რეალური ხელფასის დონე, რომლის დროსაც შესაძლებელია სრული დასაქმების მიღწევა, ხელფასის სტრუქტურაზეა დამოკიდებული, და შედეგად, როცა გარემოებების ცვლილებისას სხვადასხვა ხელფასებს შორის მიმართება უცვლელი რჩება, რეალური ხელფასის დონე, რომლის დროსაც სრულ დასაქმებას ვაღწევთ, ან მუდამ უნდა იკლებდეს ან ისე ჩქარა არ გაიზრდება, რაც სხვა შემთხევაში იქნებოდა შესაძლებელი; ეს ნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით რეალური ხელფასის დონით მანიპულაცია არ წარმოადგენს იმ სირთულეებიდან გამოსავალს, რაც ხელფასის სტრუქტურის სიხისტიდან გამომდინარეობს. ასევე არ წარმოადგენს რაიმე შესაძლო პრაქტიკული „საშემოსავლო პოლიტიკა“ პრობლემის გადაწყვეტის ხერხს. უფრო მეტიც, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ სწორედ ხელფასის სტრუქტურის ის სიხისტე, რომელსაც პროფკავშირების პოლიტიკამ ვითომ საკუთარი წევრების ინტერესების (ან „სოციალური სამართლიანობის“) დაცვით მიაღწია, მთლიანათ დასაქმებულთა რეაულური შემოსავლის ზრდის ერთ-ერთ უმთავრეს შემაფერხებელ ფაქტორად იქცა; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მოხდება ცალკეული რეალური ხელფასის აბსოლუტურად ან ფარდობითად მაინც შემცირების შეფერხება, დასაქმებულთა რეალური ხელფასის მთლიანი დონე ისე ჩქარა არ გაიზრდება, როგორც ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.
კლასიკური იდეალი, რომელიც ჯონ სწუარტ მილმა საკუთარ ბიოგრაფიაში აღწერა როგორც „full employment at high wages to the whole labouring population“•, შესაძლებელია მხოლოდ სამუშაოს ეკონომიური გამოყენებით, რაც თავის მხრივ თავისუფალ ფარდობით ხელფასებს გულისხმობს. ამის მაგივრად იმ ადამიანმა, რომელიც ისტორიაში შევა ბრიტანული ეკონომიკის მესაფლავის სახელით, სრული დასაქმების მეთოდად, გამოდიოდა რა ხელფასის ხისტი სტრუკტურიდან, პოპულარული გახადა ხელფასის რეალური დონის დაწევა ფულის გაუფასურებით. უკანასკნელი წლების გამოცდილება ჩემი აზრით ცხადყოფს, რომ ეს მეთოდი პრობლემის მხოლოდ დროებით გადაწყვეტას ნიშნავს. ჩემი აზრით უკვე დადგა ის მომენტი, როცა ჩვენ იძულებული ვართ პრობლემა საფუძვლიანად გადავწყვიტოთ. ჩვენ აღარ შეგვიძლია კიდევ უფრო დიდი ხანი დავხუჭოთ თვალი იმ ფაქტის წინაშე, რომ მთლიანად დასაქმებულთა ინტერესი მოითხოვს ცალკეული პროფკავშირის ძალაუფლების შეზღუდვას, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ საკუთარი წევრების სხვა დასაქმებულებთან შედარებით ფარდობითი მდგომარეობის შენარჩუნება. როგოც ჩანს ამჟამად უპირველესი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ დავაჯეროთ მთლიანად დასაქმებულები, რომ ცალკეული ჯგუფების ფარდობითი მდგომარეობის დაცვის გაუქმება არა მარტო არ აყენებს საფრთხეში მთლიანად დასაქმებულთა რეალური ხელფასების ზრდის პერსპექტივას, არამედ პირიქით ზრდის მას.
ჩემთვის რა თქმა უნდა ნათელია, რომ უახლოეს მომავალში პოლიტიკურად შეუძლებელი იქნება ნამდვილად თავისუფალი შრომის ბაზრის ჩამოყალიბება. ასეთი მცდელობა ისეთ კონფლიქტებამდე მიგვიყვანდა, რაც შეუძლებელს ხდის მის სერიოზულ განხილვას – ან ეს მანამდე იქნება შეუძლებელი, სანამ დამსაქმებლები კოლექტიურად არ მისცემენ დასაქმებულებს მათი საშუალო რეალური შემოსავლის შენარჩუნების გარანტიას. ზუსტად ასეთი სახის გარანტია მეჩვენება ერთადერთ საშუალოებად დაუბრუნდეს ბაზარს სხვადასხვა ჯგუფების ფარდობითი ხელფასების განსაზღვრის ფუნქცია. მეჩვენება, რომ თითქოს მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიმედოვნოთ ვუბიძგოთ ცალკეულ ჯგუფებს უარი თქვან საკუთარი სახელფასო განაკვეთების სიმყარეზე, რაც მოქნილი სახელფასო ტრუქტურის მთავარ დაბრკოლებადაა ქცეული. ჩემი აზრით იმიტომ ღირს მთლიან დასაქმებულებს და დამსაქმებლებს შორის ასეთი სახის კოლექტიური შეთანხმების გარდამავალ ღონისძიებად განხილვა, რომ ამ გზით მიღწეული შედეგი დასაქმებულებს ნათლად დაანახებდა, თუ რა დიდ სარგებელს ნახავდნენ ისინი რეალურად ფუნქციონირებად შრომის ბაზრისგან და ეს თავის მხრივ შექმნიდა იმ მოუქნელი და რთული აპარატის გაუქმების პერსპექტივას, რისი შექმნაც იქნებოდა აუცილებელი.
რაზეც მე ვფიქრობ, ეს არის გენერალური ხელშეკრულება, რომლითაც დამსაქმებლები ერთიანად აიღებდნენ თავის თავზე ყველა დასაქმებულის წინაშე მანამდე არსებული რეალური ხელფასის თანხის გადახდის გარანტიას, რასაც დაემატებოდა გაზრდილ მოგებიდან წილი, მაგრამ ყველა ცალკეულ ჯგუფს ან ცალკეულ დასაქმებულს წლის განმავლობაში მხოლოდ გარკვეულ ნაწილს გადაუხდიდნენ, მაგალითად მისი ადრინდელი ხელფასის ხუთ მეექვსედს და დარჩენილ ნაწილს (ყველა საწარმოს გაზრდილი მოგებების თანხიდან განკუთვნილ წილის ჩათვლით) ორი თვის განმავლობაში, წლის ბოლოს და წლიური ბალანსის შევსების შემდეგ, გადაანაწილებდა ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში და ფირმებში დასაქმებულთა შორის, მოგების იმ ცვლილების გათვალისწინებით, რაც გამომდინარეობს უკვე გადახდილი ხელფასების ხუთი მეექვსედის საბუძვლად აღების შემთხვევაში. ხუთი მეექვსედის მიმდინარე გადახდა იმიტომ ავირჩიე, რადგან ამით შესაძლებელი გახდებოდა მოგების წინასწარი გაანგარიშების საფუძველზე საშობაო პრემიის საშუალო თვიური შემოსავლის ოდენობით და დაახლოებით იმავე ოდენობის მეორე საშვებულებო პრემიის გადახდა, მას შემდეგ რაც გასული წლის ბალანსი დაიხურებოდა. მართალია შემდეგი წლისთვის ასევე მოხდებოდა პირველი წლის საშუალო ხელფასების გარანტირება, მაგრამ წლის ბოლომდე ყოველი ჯგუფი მხოლოდ წინა წელს გადახდილი მთლიანი თანხის ხუთ მეექვსედს მიიღებდა და წლის ბოლოს ეს თანხები შეივსებოდა ეკონომიკის შესაბამის დარგში ან საწარმოში მიღწეული მოგების საფუძველზე და ა.შ.
ასეთი მეთოდის შემოღება თითქმის იგივე შედეგს მოგვცემდა, რასაც შრომის თავისუფალი ბაზრის აღდგენით მივაღწევდით, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დასაქმებულებს ეცოდინებოდათ, რომ მათი საშუალო რეალური ხელფასი კი არ შემცირდებოდა, არამედ შეიძლება მხოლოდ გაზრდილიყო. ჩემი აზრით, ეკონომიკის სხვადასხვა დარგს და საწარმოს შორის თანამშრობლების განაწილების განსაზღვრის საბაზრო მექანიზმის ირიბი გზით ამუშავება ცალკეული ჯგუფების რეალური ხელფასების თანდათანობით კლებასთან ერთად საშუალო რეალური ხელფასის დონის მკვეთრ ზრდას გამოიწვევდა.
უნდა დამიჯეროთ, რომ ასეთ უცნაურ წინადადებას დაუფიქრებლად არ შემოქთავაზებდით. მაგრამ ასეთი სახის რაიმე ღონისძიება ხელფასის სტრუქტურის მზარდი გახევების პროცესის შემობრუნების ერთადერთ შესაძლებლობათ მეჩვენება, რაც ჩემი აზრით არა მარტო ისეთი ქვეყნების როგორიცაა დიდი ბრიტანეთი ეკონომიკური სირთულეების მთავარ მიზეზს წარმოადგენს, არამედ აქედან გამოწვეული სიმპტომების „საშემოსავლო პოლიტიკის“ და მისთანების მეშვეობით მკურნალობით ასეთი ქვეყნების ეკონომიკურ სტრუქტურას დაგეგმილს და ამიტომ უფრო ხისტს ხდის. ჩემი აზრით პრობლემის გადაწყვეტის ხსენებული გზა დასაქმებულებს მხოლოდ სარგებელს მოუტანს, მაგრამ ცხადია ვაცნობიერებ, რომ პროფკავშირების ფუნქციონერები ამით საკუთარი ძალაუფლების დიდ ნაწილს კარგავენ და ამიტომ ისინი მას სრულიად შეეწინააღმდეგებიან.

2 comments:

tamuna said...

დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამ სტატიას დრო რომ მქონდეს :(((

Uprocento Sesxebi said...

swrafi sesxebi onlain, aiget saxlidan gausvlelad yvela sesxi uprocento sesxebi